Accentnews.ge
"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" მოუწოდებს პარლამენტს, უარი განაცხადოს ე.წ. „აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე

"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" მოუწოდებს პარლამენტს, უარი განაცხადოს ე.წ. „აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე

07/03/2023 13:55:31 პოლიტიკა, საზოგადოება

"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, უარი განაცხადოს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე.

განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა,აღნიშნულია, რომ "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტი „დაფუძნებულია იმ კანონზე, რომელიც უკანასკნელ წლებში რუსეთში გამოიყენება ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ხმის ჩასახშობად“.

„წარმოდგენილი კანონპროექტი „უცხოური აგენტების“ შესახებ, საფრთხეს უქმნის საქართველოში პრესის თავისუფლებას. საერთაშორისო სტანდარტებისგან შორს მდგომი კანონპროექტი, გამიზნულია მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაციისა და დაშინების მცდელობისთვის. რუსეთის პრეცედენტმა ამ ტიპის კანონის დრამატული შედეგები დაგვანახა. ჩვენ მოვუწოდებთ პარამენტს უარი თქვას ამ დრაკონულ კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს შეუძლებელს გახდის“, - აცხადებს ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ბიუროს ხელმძღვანელი ჟან კაველიე.

მისი თქმით, კანონპროექტი ძალიან ჰგავს კანონს, რომელიც რუსეთმა 2012 წელს მიიღო და გამოიყენება 2017 წლიდან და რომელიც გამიზნულია კონკრეტულად მედია ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ.

ორგანიზაცია ეხმაურება ე.წ. „აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე ორი ჟურნალისტის დაკავების, ჟურნალისტებისთვის პარლამენტის აკრედიტაციების გაუქმებისა და აქციაზე ოპერატორის დაშავების ფაქტებსაც:

„პოლიციამ მას შემდეგ დააკავა „ტაბულას“ რეპორტიორი, ბექა ჯიქურაშვილი, როდესაც მან ჰკითხა პოლიციას, რატომ იჭერდნენ პროტესტის მონაწილეებს. მეორე ჟურნალიტი, ზურა ვარდიაშვილი, „პუბლიკის“ რედაქტორი დააკავეს მაშინ, როდესაც ის კანონპროექტის წინააღმდეგ სკანდირებდა“.

"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ხაზგასმით მიუთითებს, რომ კანონპროექტი მკაცრად იქნა გაკრიტიკებული საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, მათ შორის, ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლების მიერ.

პარლამენტში ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. განხილვის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია იმართება, სადაც შეკრებილები არიან რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები.

საკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც მხარს უმრავლესობის წარმომადგენლები უჭერენ, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების ნაწილს უცხოეთიდან იღებენ.

ე.წ. "უცხოეთის აგენტების" კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S