
თოლორაია – საჯარო მოხელეებს: „ძალიან მძიმე დღეა! თქვენ შეგიძლიათ, შეცვალოთ რეალობა შიგნით!“
07/03/2023 13:55:45 საზოგადოება
პარლამენტთან მიმდინარე აქციას, რომელიც სპონტანურად დაიგეგმა მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა მოულოდნელად გაიტანა განხილვაზე „აგენტების“ შესახებ კანონპროექტები, ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაიაც შეუერთდა.
მან საჯარო მოხელეებს მიმართა, უწყებებს შიგნით დააფიქსირონ პოზიცია, რადგან მათ ხელეწიფებათ რეალობის შეცვლა.
„ქართული ოცნების“ მიზანია არანაირი ევროპა! მიზანმიმართულად დგამენ ნაბიჯებს, რომ წაგვათრიონ რუსეთში! ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, ძალიან მძიმე დღეა! სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დახურმა მონაგონი იყო იმასთან შედარებით, რაც ახლა ხდება! ხალხს ძალიან დაშორდნენ! ეს მართლა ძალიან მძიმე სანახაობაა. მინდა, ყველა საჯარო მოხელეს მივმართო: მესმის, რომ ისინი საჯარო განცხადებებს ვერ გააკეთებენ, მაგრამ მათ შეუძლიათ, შეცვალონ რეალობა იმ უწყებებში, შიგნით, სადაც ახლა არიან – იმ უწყებებში დააფიქსირონ თავიანთი აზრი იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ხდება“,– თქვა თოლორაიამ.
მან მიმართა საქართველოს მოქალაქეებსაც, რომლებიც ამჟამად ტელევიზიების საშუალებით ადევნებენ თვალს მიმდინარე მოვლენებს:
„დავრწმუნდი, რომ ამ ადამიანებს [ქართულ ოცნებას] ყველაფრის კადრება შეძლიათ! ახლა წყდება საქართველოს კურსის საკითხი, თუ საით უნდა გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი! ეს ეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც ამ ქვეყნის განვითარება და აქ ცხოვრება უნდა. უნდა გამოვიდნენ გარეთ, რადგან ეს ხალხი, როგორც ჩანს, მხოლოდ თავებს ითვლის პარლამენტთან“.