
თსუ-ის სტუდენტები უნივერსიტეტს "აგენტების შესახებ" კანონპროექტზე პოზიციის გამოხატვას სთხოვენ
07/03/2023 10:51:57 საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები და მოძრაობის წევრები უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს მივმართავენ განცხადებით და ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას სთხოვენ.
სტუდენტების თქმით, სჯერათ, რომ კანონპროექტები შინაარსითვე უპირისპირდებიან იმ იდეალებს, რომლებზეც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1918 წლიდან დგას.
"...ბოლო რამდენიმე დღემ ნათლად დაგვანახა, რომ პროტესტის მსგავსი ფორმები დიდი სიმბოლური დატვირთვის მატარებელია და აძლიერებს ჩვენს ხმას კანონპროექტების წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ ახლა დგას გადამწყვეტი მომენტი, როცა სტუდენტების მიმართ აკადემიურ სივრცეებში გამოხატული მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ მიზეზით, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები და მოძრაობის წევრები უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს მივმართავთ განცხადებით, რომლითაც ვთხოვთ კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას. მოძრაობის წევრებმა ასევე გავაგზავნეთ განცხადება საფაკულტეტო საბჭოს სახელზე იდენტური თხოვნით. [...] ვინაიდან ჩვენს წინაშე არსებული პრობლემა ცდება პოლიტიკური მიკუთვნებულობის ფარგლებს და პირდაპირ ეხება ჩვენ და მომავალი თაობების საგანმანათლებლო პერსპექტივებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და რექტორის ჯაბა სამუშიას, მკაფიო პოზიციონირება ხსენებულ კრიტიკულ საკითხთან დაკავშირებით უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკაფიო პოზიცია ერთთავად გაზრდის სტუდენტების აქტიურობას და შესაძლებელს გახდის პროტესტის მშვიდობიან, კონსტრუქციულ ფარგლებში შენარჩუნებას", – ნათქვამია სტუდენტების საჯარო მიმართვაში.
პირველ მარტს დეპუტატ ნიკოლოზ სამხარაძეს ყოფილმა სტუდენტებმა წერილით მიმართეს, რომელშიც სთხოვდნენ, უარი ეთქვა "უცხო ქვეყნის აგენტების" შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერაზე. სტუდენტებმა დეპუტატ ლექტორს ბოიკოტიც გამოუცხადეს.
"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტები პირველი მოსმენით განსახილველად მზად არის. პირველი მოსმენით მას, სავარაუდოდ, 9 მარტს განიხილავენ პლენარულ სხდომაზე.
საკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც მხარს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უჭერენ, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების ნაწილს უცხოეთიდან იღებენ.
ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს.