
მოქალაქეები პარლამენტთან "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონს აპროტესტებენ
07/03/2023 07:09:51 საზოგადოება
საქართველოს პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები კვლავ აპროტესტებენ "ქართული ოცნებიდან" "სიმართლის სათქმელად" გამოყოფილი პარლამენტარების გაერთიანება "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს "უცხოეთის აგენტების შესახებ."
მოქალაქეები მოითხოვენ, პარლამენტმა უარი თქვას ამ კანონის განხილვაზე, რომელსაც დასავლური კურსიდან გადახვევის განაცხადად და სამოქალაქო საზოგადოების დევნის ინსტრუმენტად მიიჩნევენ.
აქციის პარალელურად პარლამენტში მიმდინარეობს ბიუროს სხდომა. სხდომის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს დეპუტატები ეუბნებიან, რომ ამ კანონპროექტების განხილვა კანონის დარღვევით, მედიის უფლებების შეზღუდვით და დეპუტატებზე ძალადობის ფონზე მიმდინარეობს.
"გამომდინარე იქიდან, რომ ძალადობა იქცა პოლიტიკის ინსტრუმენტად, საჭიროა რომ პარლამენტის შენობაში უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება" -თქვა ამ განცხადებების პასუხად შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც კოლეგებს შეახსენა, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახური მზადაა, მათი უსაფრთხოება საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვას.
"საქართველოს ოკუპანტ ქვეყანასთან შედარება ნებისმიერ კონტექსტში არის მიუღებელი" - თქვა შალვა პაპუაშვილმა. მისი რეპლიკა მიემართებოდა იმას, რომ "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონს მისი მოწინააღმდეგეები "რუსულ კანონად" მიიჩნევენ.