Accentnews.ge
“მივმართავ ბლოგერებს, იუთუბერებს – დააფიქსირეთ თქვენი მოქალაქეობრივი პოზიცია”

“მივმართავ ბლოგერებს, იუთუბერებს – დააფიქსირეთ თქვენი მოქალაქეობრივი პოზიცია”

07/03/2023 06:12:09 საზოგადოება

„არ უნდა იქნას მიღებული არანაირი კანონი, რომელიც ამ მთავრობას თუ მომავალს მისცემს ბერკეტს, აგენტად შერაცხოს ადამიანი ან ორგანიზაცია განსხვავებული აზრისა და საქმიანობის გამო. ეს არის თავისუფლების შეზღუდვა. ცენზურა და კონტროლი საბჭოთა კავშირში დავტოვეთ და იქ აღარ უნდა დავბრუნდეთ“, – ასე ეხმიანება ბლოგერი და მოგზაური სოსო ნებიერიძე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს.

იგი მიმართავს თავის კოლეგებს, არ გაჩუმდნენ და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია.

„დარწმუნებული ვარ, ჩემზე მეტად არავის ეზიზღება პოლიტიკა და პოლიტიკური სიბინძურე, თუმცა არის რაღაცები, რაზეც ხმის ამოუღებლობა და აზრის დაუფიქსირებლობა უბრალოდ დანაშაულია. ახლა სწორედ ასეთ ამბავთან გვაქვს საქმე. დააფიქსირეთ თქვენი მოქალაქეობრივი პოზიცია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი და ჩვენი შვილების ნათელი მომავლისათვის. ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი და ჩვენი მომავალი ევროკავშირშია. არა რუსეთს, რუსეთი მტერია“ ,- წერს ბლოგერი ინსტაგრამ–არხზე.

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად მზად არის კანონპროექტები „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ, რომელთა ავტორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დაჩი ბერაია, ვიქტორ ჯაფარიძე, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა და ზაალ მიქელაძე.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების დიდ ნაწილს უცხოეთიდან იღებენ. ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს.კანონის მიღების პერსპექტივით შეშფოთებულია ევროკავშირიც, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ ინიციატივა შეუთავსებელია მის ფასეულობებთან და პრიორიტეტებთან.მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორების და საქართველოში საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენელთა მოწოდებებისა უარი თქვან კანონის მიღებაზე, "ქართული ოცნების" უმრავლესობაში აცხადებენ, რომ კანონპროექტებს პირველი მოსმენით დაამტკიცებენ და ამის შემდეგ, შეფასებისთვის გაუგზავნიან ვენეციის კომისიას.კანონის მიღების შემთხვევაში, ვეტოს უფლებით სარგებლობას აპირებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S