
"ლოკომოტივის“ დირექტორი: „არა რუსულ კანონს და საერთოდ ყველაფერ რუსულს!“
07/03/2023 06:05:47 საზოგადოება
საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ დირექტორი გიორგი ყიფიანი "აგენტების შესახებ" კანონპროექტებს განხილვის პროცესს ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს არის "რუსული კანონი", რომელიც არ უნდა მივიღოთ.
„თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი და ფასეული ღირებულება არ არსებობს! სწორედ ამ ღირებულებაზე დაყრდნობით და მასზე შეთანხმებით უნდა ხდებოდეს ყველა მოქმედება რომელსაც სახემწიფო განახორციელებს, იქნება ეს კანონის ცვლილება, თუ კონკრეტული რეფორმა, არ აქვს მნიშვნელობა… არა რუსულ კანონს და საერთოდ ყველაფერ რუსულს!“, – წერს გიორგი ყიფიანი სოციალურ ქსელში.
საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ დირექტორამდე მსგავსი განცხადება გააკეთეს ფეხბურთელმა შოთა არველაძემ და საფეხბურთო კლუბებმა: თბილისის „დინამომ“, „გაგრამ“, „ზესტაფონმა“.
ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად მზად არის კანონპროექტები „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ, რომელთა ავტორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დაჩი ბერაია, ვიქტორ ჯაფარიძე, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა და ზაალ მიქელაძე.
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების დიდ ნაწილს უცხოეთიდან იღებენ. ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს.კანონის მიღების პერსპექტივით შეშფოთებულია ევროკავშირიც, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ ინიციატივა შეუთავსებელია მის ფასეულობებთან და პრიორიტეტებთან.მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორების და საქართველოში საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენელთა მოწოდებებისა უარი თქვან კანონის მიღებაზე, "ქართული ოცნების" უმრავლესობაში აცხადებენ, რომ კანონპროექტებს პირველი მოსმენით დაამტკიცებენ და ამის შემდეგ, შეფასებისთვის გაუგზავნიან ვენეციის კომისიას.კანონის მიღების შემთხვევაში, ვეტოს უფლებით სარგებლობას აპირებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.