
Tbilisi Open Air - "აგენტების" კანონზე: "ამ სამარცხვინო ადამიანებმა თავიანთი ჩანაფიქრი ვერ უნდა განახორციელონ!"
06/03/2023 19:40:16 საზოგადოება
Tbilisi Open Air/AlterVision განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პარლამენტმა რუსული კანონპროექტი არ უნდა მიღოს და მათი ჩანაფიქრი არ უნდა განხორციელდეს.
"წელს Tbilisi Open Air 14 წლის გახდება. ცხადია, ეს ძალიან მცირე მონაკვეთია იმ დროსთან შედარებით, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და ხალხს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ თავისუფლებისათვის ბრძოლაში აქვს გატარებული.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი, გარდამტეხი პერიოდია იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებიც ჩვენთან ერთად გაიზარდნენ და ისევ იმავე ბრძოლაში მყოფი ქვეყნის ახლა უკვე სრულწლოვანი და სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან. თავისუფლება ჩვენი ფესტივალის უპირველესი ღირებულებაა და ეს მხოლოდ ცარიელი სლოგანი არ არის.
დღეს ეს ღირებულებები, რომლებმაც ასე გაგვაერთიანა და დაგვაახლოვა სერიოზული საფრთხის წინაშეა. მხოლოდ სიკეთისგან და ყოველგვარი ღირებულებებისგან დაცლილ ადამიანებს თუ მოუვათ თავში ამგვარი კანონის შემოღება და თანაც იმ ქვეყანაში, რომელმაც თავისუფლებისთვის ამდენი იბრძოლა და მისი ფასი ყველაზე უკეთ იცის. ჩვენ და თქვენ, ვინც ეს ფესტივალი ერთად ავაშენეთ, ვიცით, რომ შენება ძნელია და დანგრევა ადვილი - ამისდა მიუხედავად, ჩვენ ვერავინ ვერაფერს წაგვართმევს და დაგვინგრევს. ამ სამარცხვინო ადამიანებმა თავიანთი ჩანაფიქრი ვერ უნდა განახორციელონ და ვერც განახორციელებენ.
#მუსიკაათავისუფლებს#არარუსულკანონს "- ნათქვამია განცხადებაში.
6 მარტს, დილიდან საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაპირისპირების ფონზე განიხილავდა „აგენტების“ შესახებ კანონპროექტებს. სხდომათა დარბაზიდან გააძევეს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი. მანდატურის სამსახურმა სხდომიდან გაიყვანა "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის - ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი, ასევე პარლამენტის წევრები სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თაკო ჩარკვიანი.
კანონპროექტები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციური პარტიების მწვავე პროტესტს იწვევს. მათ პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს. აქცია გაიმართება 7 მარს, 09:00 საათზეც.
კანონის არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.
ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.