
ბუწაშვილი: "ვინმეს არასამთავრობოებს შეზღუდვის ბერკეტი რომ ჰქონოდა მაშინ, დღეს შესაძლოა, აქ არ ვყოფილიყავი 80 000 განკურნებული ადამიანით"
06/03/2023 17:53:29 საზოგადოება
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ეხმიანება „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტებს და საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაციების როლზე იმ მასშტაბულ პროექტებში, რომელთა განხორციელებითაც დღეს საქართველოს ხელისუფლებაც ამაყობს.
მას მაგალითად მოჰყავს ელიმინაციის პროგრამა, შიდსისა და ტუბერკულიოზის წინააღმდეგ შექმნილი პროექტები.
„ერთ–ერთი არგუმენტია, რომ ეს არ ეხება მეცნიერებას და მედიცინას, რომ ასეთი ჩანაწერი არსებობს [კანონპროექტში]. თუმცა ამ ჩანაწერს მოჰყება „კეთილსინდისიერების შემთხვევაში“, ეს კეთილსინდისიერება ძალიან სუბიექტურია. ჯერ ერთი, ყველას ყველაფერი გვეხება, როდესაც ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, მაგრამ მაინც უფრო ჩემი სფეროს მიმართულებით ვისაუბრებ. ძალიან რთულია პოლიტიკის, მეცნიერების და მედიცინის გამიჯვნა. მაგალითად მოვიყვან ელიმინაციის პროგრამას – ის აქტივისმი რომ არ ყოფილიყო, არასამთავრობო ორგანიზაციების დაუღალავი შრომა, ასე კი არ მოსულა ელიმინაციის პროგრამა, თავზე რომ დაგვეყარა მილიონებიანი წამალი – პიკეტირებებს უწობდნენ მთავრობის სხდომებს, სამინისტროში აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები. მათზეა ლომის წილი. ჩამონათვალში, მაინც და მაინც ჩვენმა ქვეყანამ რატომ მიიღო პროგრამა, ერთ–ერთ პუნქტად წერია ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და აქტივისზმი და ეს მართლაც შესამჩნევი იყო. 2014 წელს, როდესაც ლონდონში იყო შეკრება, სადაც უნდა გადაწყვეტილიყო საკითხი, ჩვენი – არასამთავრობო ორგანიზაციების მოხსენება იყო იქ ერთ–ერთი საკვანძო. და ეს პოლიტიკა იყო თუ მედიცინა? ვინმეს აქტივისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის შეზღუდვის ბერკეტი რომ ჰქონოდა მაშინ და არაკეთილსინდისიერებაში დაედოთ ბრალი, დღეს შესაძლოა, აქ არ ვყოფილიყავი 80 000 განკურნებული ადამიანით. ეს მაგალითი იმისთვის მომყავს, რომ მსგავსი ზღვრები არ არსებობს!“,– ამბობს მაია ბუწაშვილი.
მან გაიხსენა პროგრამის ირგვლივ პირველი შეხვედრა ჯანდაცვის იმჟამინდელ მინისტრთან:
„პირველად იყო არასამთავრობოების დიდი შეკრება მაშინდელ მინისტრთან, გავაკეთეთ უხეში გათვლები, მაშინ სახელმწიფო პროგრამა დავარქვით, როდესაც ინიციატივით შევედით. ძალიან გაგვიბრაზდა, „რას მელაპარაკებით, ბავშვები მეღუპებიან ლეიკემიით და რა C–ჰეპატიტის დროა ახლა ქვეყანაშიო“. ჩვენ ვუთხარით, რომ „იმასაც უნდა მიხედოთ და ამასაც“. ძალიან განერვიულდა, გვეჩხუბა, კარი გაიჯახუნა – ყველას ახსოვს, ვინც ჩემთან ერთად იყო. იმის თქმა მინდა, რომ მაშინ არასამთავრობოები ვიყავით წარმოდგენილი. კარგია, რომ შემდეგ მან ეს ყველაფერი გააცნობიერა, რა ქმა უნდა, საერთაშორისო ორგანიზაციების ძლიერი მუშაობით და მეცადინეობით. ეს მოვიყვანე როგორც ბოლო წლების ერთ–ერთი ალბათ ყველაზე წარმატებული პროექტის მაგალითი, რომელშიც არასამთავრობოების და საერთაშორისო ორგანიზაციების დიდი როლი იყო. ცხადია, კარგია, რომ სახელმწიფომ შემდეგ დაუჯერა მათ და პროგრამა შედგა. ასეთი სიმბიოზის გარეშე უამრავი პროექტი ვერ განხორციელდება: გლობალური ფონდის პროექტები, რომელმაც ათობით მილიონი დახარჯა ქვეყანაში შიდსის, ტუბერკულიოზის წინააღმდეგ ბრძოლაში. სხაგვარად ჩვენ ამ ორ უმძიმეს დაავადებას ასე ეფექტურად ვერ გავუმკლავდებოდით!“.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მწვავე პროტესტის ფონზე მოიწონა კანონპროექტები „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ.
6 მარტს, დილიდან საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაპირისპირების ფონზე განიხილავდა „აგენტების“ შესახებ კანონპროექტებს. სხდომათა დარბაზიდან გააძევეს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი. მანდატურის სამსახურმა სხდომიდან გაიყვანა "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის - ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი, ასევე პარლამენტის წევრები სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თაკო ჩარკვიანი.
კანონპროექტები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციური პარტიების მწვავე პროტესტს იწვევს. მათ პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს. აქცია გაიმართება 7 მარს, 09:00 საათზეც.
კანონის არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.
ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.