
7 მარტს, 09:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება
06/03/2023 17:21:02 საზოგადოება
სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის წარმომადგენლების „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტების ირგვლივ სამსჯელოდ შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 7 მარტს, დილის 09:00 საათიდან დაიწყება საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტთან.
ბიუროს სხდომა, რომელმაც უნდა განსაზღვროს პლენარული სესიის დღის წესრიგი, 10:00 საათზე არის დაგეგმილი. არის მოლოდინი, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პროექტებს პლენარულ სესიაზე გაიტანს.
„ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან მჭიდრო კოორდინაციას არასამთავრობო სექტორთან და ყველა იმ ადამიანთან, ვინც ვერთიანდებით ევროპისთვის. საქართველო უნდა იყოს ევროპის ნაწილი და ამაში ვერთიანდებით ყველა.
ჩვენ შევქმენით საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც იქნება ყველა ის პროდასავლური პოლიტიკური ძალა, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ნამდვილად იბრძოდა საქართველოს მომავლისთვის, არასამთავრობო სექტორი და ყველა ის ადამიანი, რომელიც რეალურად ფიქრობს იმას, რომ დღეს საქართველოს სახელმწიფო არის საფრთხის წინაშე, იმიტომ, რომ ეს საფრთხე არის პირველ რიგში „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის სურვილი, რომ საქართველო გადააქციოს რუსეთად“, - განაცხადა ენმ–ის წევრმა ხატია დეკანოიძემ.
დეპუტატი მოქალაქეებს პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდებს:
„ვინც ფიქრობს, რომ ამ ქვეყნის გადარჩენა არის აუცილებელი, მნიშვნელოვანი და ევროატლანტიკური მისწრაფებები არის უპირველესი და ის, რომ არ შეიძლება რუსული კანონის მიღება, ჩვენ ყველას გელოდებით ხვალ, 09 :00 საათზე პარლამენტთან იმიტომ, რომ ხვალ 10:00 საათზე არის ბიუროს სხდომა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ „ქართულ ოცნებას“, რომ ვარსებობთ ამ ქვეყანაში ადამიანები, ვისაც არ სურს რუსეთი და არ იქნება ეს ქვეყანა რუსეთი. გავაგრძელებთ ბრძოლას პარლამენტის შიგნით და პარლამენტის გარეთ“.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ინფორმაციით თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
„ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ახლა იყოს ერთობა სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკოსების და ყველა ადამიანის, რომელსაც აქვს პროტესტი ამ კანონთან დაკავშირებით, რადგან ეს არის რუსული კანონი, რუსული გზა, რომელიც აირჩია „ქართულმა ოცნებამ“. ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ ამას და დავრჩეთ მყარად ევროპულ მიმართულებაზე, რასაც ყველანაირად უშლის ხელს ეს კანონი. ამიტომაც საჭიროა, აქტიურობა იყოს საზოგადოების, ჩვენი მოსახლეობის, რადგანაც ეს კანონი ეხება მათ უპირველეს ყოვლისა“.
მისი აზრით, მმართველი გუნდი ცდილობს, ხელი შეუშალოს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
მისი თქმით, დილიდან დაიწყება საპროტესტო აქცია:“ვფიქრობ, რომ ეს იქნება პერმანენტული აქციები, რომელიც იქნება მზარდი რეაქცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც არის კანონის ფარგლებში“.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მწვავე პროტესტის ფონზე მოიწონა კანონპროექტები „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ.
6 მარტს, დილიდან საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაპირისპირების ფონზე განიხილავდა „აგენტების“ შესახებ კანონპროექტებს. სხდომათა დარბაზიდან გააძევეს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი. მანდატურის სამსახურმა სხდომიდან გაიყვანა "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის - ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი, ასევე პარლამენტის წევრები სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თაკო ჩარკვიანი.
კანონპროექტები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციური პარტიების მწვავე პროტესტს იწვევს. მათ პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს.
კანონის არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.
ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.