Accentnews.ge
„დინამო“: „ჩვენი დიდი ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და საფრთხედ მივიჩნევთ ნებისმიერს ინიციატივას, რომელიც ამ გზას საფრთხეს შეუქმნის“

„დინამო“: „ჩვენი დიდი ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და საფრთხედ მივიჩნევთ ნებისმიერს ინიციატივას, რომელიც ამ გზას საფრთხეს შეუქმნის“

06/03/2023 17:09:27 საზოგადოება

საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საფრთხედ მიიჩნევს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ამ გზას რისკის ქვეშ დააყენებს. კლუბი მაღალი ალბათობით გულისხმობს „აგენტების“ შესახებ კანონპროექტს, რომელსაც მწვავედ აკრიტიკებენ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ – პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციები.

„დინამო თბილისი, როგორც საქართველოს იდენტობის ერთ-ერთი მთავარი მატარებელი, არის და იქნება ქართველი ხალხის თვითგამოხატვის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ჩვენი კლუბი, დინამოს დიდი ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და საფრთხედ მივიჩნევთ ნებისმიერს ინიციატივას, რომელიც ამ გზას საფრთხეს შეუქმნის.

როგორც ჩვენ ფეხბურთს, ისევე ჩვენ ქვეყანას სჭირდება მეტი განვითარება და საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა არაერთხელ დააფიქსირა, რომ ამ განვითარების საშუალებას მხოლოდ ევროპულ ოჯახთან ერთად ხედავს. ევროკავშირში გაწევრიანება უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამ გზის მართებულობა არ უნდა დაექვემდებაროს გადახედვას”, - ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მწვავე პროტესტის ფონზე მოიწონა კანონპროექტები „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ.

კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გატანა 7 მარტს იგეგმება. მანამდე საკითხის დღის წესრიგში შეტანა 7 მარტს, 10:00 საათზე დანიშნულ ბიუროს სხდომაზე არის დაგეგმილი. სხდომის პარალელურად, პარლამენტთან კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია გაიმართება.

6 მარტს, დილიდან საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაპირისპირების ფონზე განიხილავდა „აგენტების“ შესახებ კანონპროექტებს. სხდომათა დარბაზიდან გააძევეს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი. მანდატურის სამსახურმა სხდომიდან გაიყვანა "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის - ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი, ასევე პარლამენტის წევრები სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თაკო ჩარკვიანი.

კანონპროექტები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციური პარტიების მწვავე პროტესტს იწვევს. მათ პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს.

კანონის არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S