
ჩანადირი: "შეწყვიტეთ კანონპროექტის განხილვა და ცოტა მეტი გააკეთეთ სახელმწიფოსთვის, ევროკავშირში მიღებისათვის“
06/03/2023 14:14:17 საზოგადოება
ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის აზრით, „რაც დრო გადის, სულ უფრო ნათელი ხდება, რომ კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს.“
„კანონი აფერხებს ევროკავშირში გაწევრების პროცესს. ასევე, ხელს უშლის დემოკრატიას, მედიისა და სამოქალაქო სექტორის განვითარებას. ეს მაშინ, როცა მათი როლი სახელმწიფო გადაწყვეტილებებში უაღრესად მნიშვნელოვანია.
კანონპროექტი ვერ შეამცირებს მტრული ქვეყნების პოლიტიკურ და მედიაგავლენას საქართველოში. ამის საწინააღმდეგოდ სხვა კანონები და აღსრულებაა საჭირო.
ქვეყანაში, როცა ნამდვილად ბევრი პრობლემაა, ხელისუფლება რატომ ძაბავს პოლიტიკურ გარემოს და აღრმავებს პოლარიზებას ამ კანონპროექტით, ჩემთვის გაუგებარია. მართლა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს მოსაგვარებელი, ვიდრე ამ კანონპროექტითაა გათვალისწინებული.
მართლა აფუჭებს საქმეს და გულუბრყვილო ან მავნევლური მცდელობაა ამერიკულ კანონთან შედარება. შეწყვიტეთ კანონპროექტის განხილვა და ცოტა უფრო მეტი გააკეთეთ სახელმწიფოსთვის, დემოკრატიისთვის, ევროკავშირში მიღებისათვის“, — წერს გოგა ჩანადირი პირად ფეისბუკ გვერდზე.
საქართველოს პარლამენტი პროტესტის ფონზე განიხილავს „აგენტების“ შესახებ კანონპროექტებს. რუსეთში მსკავსი კანონი იქცა პუტინის რეჟიმის ხელში კრიტიკული აზრის ჩახშობის ინსტრუმენტად.
საქართველოში რუსეთში მოქმედი კანონის შესაძლო მსგავსის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.
ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.