
"ერასმუსის" სტუდენტები და კურსდამთავრებულები პარლამენტს მიმართავენ, არ მიიღოს რუსული კანონი
06/03/2023 10:14:45 საზოგადოება
"ერასმუს მუნდუსის და ერასმუს+"-ის გაცვლითი პროგრამების სტუდენტები და კურსდამთავრებულები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და პარლამენტს მიმართავენ, არ მიიღოს რუსული კანონი.
მათი თქმით, "კანონპროექტი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციურია და აზიანებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, დემოკრატიულ განვითარებას და ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების ნებას".
"როცა შესაძლებლობის ფანჯარა ისევ ღიაა საქართველოსთვის და ევროკავშირი ქვეყნისგან 12 რეკომენდაციის შესრულებას ელოდება, რუსული კანონპროექტის არათუ მიღება, განხილვაც კი აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, პროდასავლურ მისწრაფებებსა და ქვეყნის ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან - ევროკავშირთან და აშშ-სთან. ხელმომწერები სწორედ ევროპის კავშირის ფინანსური მხარდაჭერით ვსწავლობთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში, სადაც ჩვენი სწავლის გადასახადი, ისევე, როგორც ყოველდღიური ცხოვრების ხარჯები სრულად არის დაფინანსებული. ათასობით ახალგაზრდას საქართველოდან გვეძლევა უნიკალური შანსი მივიღოთ ევროპული დონის განათლება და აკადემიური ხარისხი უფასოდ, მაღალკონკურენტულ გარემოში და ამით ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის შენებას სხვადასხვა დარგის მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენ, ერასმუს მუნდუსის ერთობლივი სამაგისტრო და "ერასმუს+"-ის გაცვლითი პროგრამების სტუდენტები/კურსდამთავრებულები, ვუერთდებით სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის პოზიციას და მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი ზემოაღნიშნულ კანონს – დაიცავით საქართველოს კონსტიტუცია, გაატარეთ მოქალაქეების ნება და იმოქმედეთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის სასარგებლოდ", - ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ, პერიოდულად სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაა.
მანდატურებმა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი გააძევეს. დარბაზიდან მანდატურის სამსახურმა გაიყვანა "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი, ასევე, პარლამენტის წევრები, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თაკო ჩარკვიანი.
პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობის გარეთაც. ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებენ ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ "რუსული კანონის" მიღებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულად შეფერხების მცდელობაში.