Accentnews.ge
კრემლის ცნობილმა პროპაგანდისტმა პოზნერმა ერთწლიანი დუმილი დაარღვია

კრემლის ცნობილმა პროპაგანდისტმა პოზნერმა ერთწლიანი დუმილი დაარღვია

06/03/2023 10:10:59 მსოფლიო

კრემლის ცნობილმა პროპაგანდისტმა ვლადიმირ პოზნერმა, რომელიც უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ დუმილის რეჟიმში გადავიდა და აღარც რუსეთის პირველ არხზე ჩანდა წამყვანის რანგში, ერთწლიანი დუმილი დაარღვია.

რუსული ტელეგრამ–არხები აქტიურად განიხილავენ პოზნერის განცხადებას, რომელიც გმობს საკუთარ კოლეგებს უკრაინის ომთან დაკავშირებით.

„მე მრცხვენია ჩემი პროფესიის, მრცხვენია იმის, რასაც აკეთებენ, სიცრუის, რომელიც სიმართლედ არის წარმოდგენილი, პროპაგანდის ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით. ეს არ უნდა ვთქვა, მაგრამ ვიტყვი: ათეისტი ვარ, მაგრამ თუ ჯოჯოხეთი არსებობს, იქ ჟურნალისტები წავლენ“, - თქვა პოზნერმა Code Pink–ის მიერ YouTube–ზე ორგანიზებულ გადაცემაში.

ბევრმა ეს სიტყვები რუსული სახელმწიფო პროპაგანდის კრიტიკად აღიქვა, თუმცა კონტექსტი უფრო რთულია: ეთერი, რომელშიც პოზნერი მონაწილეობდა, უკრაინის ომს მიეძღვნა. მის აღწერაში მეორდება კრემლის ნარატივი უკრაინის შესახებ, კერძოდ, ის, რომ თითქოს, „ომი უკრაინაში დაიწყო 2014 წელს, როდესაც შეერთებულმა შტატებმა მოაწყო გადატრიალება უკრაინაში, რათა დაემხო რეჟიმი, რომლის დროსაც უკრაინა ნეიტრალური ქვეყანა იყო და შეცვალა ის ანტირუსული და პროამერიკული რეჟიმით, რომელმაც მაშინვე დაიწყო ომი დონბასის წინააღმდეგ.“ Code Pink თავის თავს უწოდებს "ფემინისტურ ორგანიზაციას“, რომელიც „მზად არის, დაასრულოს ომები და აშშ-ის იმპერიალიზმი".

თავის გამოსვლაში პოზნერმა ვრცელი ლექცია წაიკითხა იმ მიზეზებზე, რამაც, მისი აზრით, უკრაინაში ომი გამოიწვია. ის აღიარებს ვლადიმირ პუტინის პასუხისმგებლობას უკრაინაში შეჭრაზე, მაგრამ აღნიშნავს, რომ მას "გიჟად" არ თვლის - და ცდილობს, ახსნას რუსეთის პრეზიდენტის ქმედებების ლოგიკა. ამავე დროს, პოზნერმა ლექცია დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლით და ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებით.

თავის გამოსვლაში ტელეწამყვანმა გაიზიარა კრემლის ბევრი თეზისი, ყოველ შემთხვევაში, მათ გაგებით მოეკიდა. მაგალითად, მისი მტკიცებით, დასავლეთმა დადო პირობა, რომ არ გაფართოვდებოდა ნატო და არ შეასრულა და ასევე ამტკიცებს, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთის პროვოცირებით „დათვს ცხვირში მოსდო “.პოზნერი ასევე სვამს კითხვას, როგორ მოიქცეოდა შეერთებული შტატები, თუ მექსიკაში ანტიამერიკელი პრეზიდენტი მოვიდოდა ხელისუფლებაში და დახმარებისთვის რუსეთის არმიას მოუწოდებდა. მისი აზრით, სარკისებური სიტუაცია მოხდა უკრაინაში. ის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ზე მთლიანად დამოკიდებულად თვლის. ამასთან, პოზნერი არ ამბობს, რომ ომს უჭერს მხარს, მხოლოდ მოუწოდებს „ფაქტების გაანალიზებისა“ და კრემლის ლოგიკის გააზრებისკენ. ამ კონტექსტში, მისი შეფასება ჟურნალისტების მიმართ შესაძლოა, აღქმულ იქნას დასავლური მედიის კრიტიკად, რომელიც კონფლიქტს პროუკრაინული პოზიციებიდან აშუქებს. პოზნერის თქმით, დასავლური ლიბერალური ელიტის წარმომადგენლებს საერთოდ არ ესმით, რა ხდება რუსეთსა და უკრაინაში.

ამასთან, პოზნერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ბოლო დროს ომის მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ რეპრესიებს მიმართა: „ხალხი ციხეში სვამენ საკუთარი აზრის გამოთქმისთვის“. პოზნერი ამბობს, რომ უმეტესობა, ვისაც რუსეთში ესაუბრება, ომის წინააღმდეგია, მაგრამ ქვეყნის მოსახლეობის 80% მხარს უჭერს პუტინს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S