Accentnews.ge
ქურდოვანიძე – "აგენტების" კანონპროექტებზე: "განმარტებითი ბარათები ეყრდნობა 5 ძირითად წამყვან შეცდომაში შემყვან მითითებას"

ქურდოვანიძე – "აგენტების" კანონპროექტებზე: "განმარტებითი ბარათები ეყრდნობა 5 ძირითად წამყვან შეცდომაში შემყვან მითითებას"

06/03/2023 09:58:26 პოლიტიკა, საზოგადოება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტების ავტორებს უთხრა, რომ ამ დოკუმენტების განმარტებითი ბარათები არსებით ტყუილებს შეიცავს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

მისი თქმით, გაუგებარია, რატომ არ ხდება კანონპროექტის განხილვა ადამიანის უფლებების კომიტეტში, როცა ამ კანონპროექტის განხილვა პირველ რიგში ადამიანის უფლებების შეზღუდვას იწვევს და აღნიშნა, რომ წინა ჯერზე, საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე არ მიეცა მას განხილვაში მონაწილეობის უფლება.

"ეს კანონპროექტები და მისი განმარტებითი ბარათები ეყრდნობა 5 ძირითად წამყვან შეცდომაში შემყვან მითითებას, აღნიშვნას და მინდა თითოეულთან დაკავშირებით დავსვა კითხვა:

პირველი, რაც ჩვენ კანონპროექტში გვხვდება და წერია განმარტებით ბარათში, არის ის, რომ ეს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს, საერთაშორისო ხელშეკრულებებს. რაზე დაყრდნობით ამბობთ ამას? თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არ მოქმედებს ანალოგიური კანონი, ერთადერთი ქვეყანა, სადაც იყო ამ კანონის მიღების მცდელობა რუსეთის გავლენით, იყო უნგრეთი, სადაც სასამართლომ ეს კანონი გააუქმა და იქაც აღარ მოქმედებს. ასევე, იმ გადაწყვეტილებაში, რომლითაც უნგრეთში ეს კანონი სასამართლომ გააუქმა, აღნიშნული იყო, რომ ის არღვევდა ევროკავშირის წამყვან ხელშეკრულებებს და კანონმდებლობას და ამის გამოც გაუქმდა ეს კანონი. საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლის მონაწილეც საქართველო არის, ითვალისწინებს იმას, რომ დაცული უნდა იყოს გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრება უნდა იყოს დაცული და აკრძალულია დისკრიმინაცია. ეს კანონები ყველა ამ პრინციპს ეწინააღმდეგება.

მეორე დიდი ტყუილი, რაც განმარტებით ბარათში წერია, არის ის, რომ კანონი არ ეწინააღმდეგება საერთასორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ჩვენ ვნახეთ არაერთი განცხადება, რომელიც ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო შესაძლოა დაემშვიდობოს კანდიდატის სტატუსს, თუკი ამ კანონს მიიღებს. არათუ მიღება, მისი განხილვაც კი ქმნის იმ საფრთხეს, რომ ჩვენ ვეღარ მივიღებთ ამ სტატუსს. თვითონ იმ 12 პუნქტშიც კი, რომლის შესრულებაზეც თქვენ აიღეთ ვალდებულება, მინიმუმ 2 პუნქტი ირღვევა.

შემდეგი პუნქტი, რაც ასევე დიდი ტყულია, არის: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვების უფლებებზე და გენდერულ თანასწორობაზე, ეს არის აღნიშნული. გვინდა ცალსახად განვაცხადოთ იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც ვმუშაობთ ქალების და ბავშვების უფლებების დაცვაზე, რომ ეს კანონპროექტი მოახდენს გავლენას მათზე ცალსახად. თქვენ რას ეყრდნობით, როცა ამბობთ, რომ გავლენა არ ექნება? ამ კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ამ ორგანიზაციების გაუქმებას და დახურვას.

შემდეგი საკითხი, რაც ასევე ტყუილია, არის ის, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. რაზე დაყრდნობით ამბობთ ამას, როცა დღეს საქართველოში მუშაობს ამ ეტაპზე მედიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, დაახლოებით 29 000, რომლებიც დაექვემდებარება რეგულირებას ამ კანონპროექტით და იუსტიციის სამინისტროს არ აქვს ამ ეტაპზე არც ფინანსური შესაძლებლობები და არც ადამიანური, ამ ფუნქციის შესასრულებლად.

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი ტყუილი. ამ კანონპროექტის მიზანია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ეს არ არის ამ კანონპროექტის მიზანი, ამ კანონპროექტის მიზანია ყველა იმ ორგანიზაციის დახურვა, ვინც არ დაექვემდებარება იმას, რომ საკუთარი თავი დაარეგისტრიროს როგორც აგენტი და დაიწეროს, რომ არის აგენტი. ეს არის იმთავითვე გამორიცხული, არავის არ სურს ამ სტატუსის დაწერა და თქვენ ეს იცით. არასამთარობო ორგანიზაციებს დღეს გამჭირვალობის პრობლემა არ აქვთ" - თქვა ნონა ქურდოვანიძემ საკომიტეტო მოსმენაზე.

მას დეპუტატებმა და კომიტეტის თავმჯდომარემ უთხრეს, რომ არასწორია, როცა ამ კანონპროექტებში არასამთვრობო ორგანიზაციების დახურვის საფრთხეს ხედავენ.

საქართველოს პარლამენტში "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. დარბაზიდან კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააძევა ათამდე დეპუტატი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S