
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, უკრაინის ჰიმნის ფონზე, ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გაშალეს
06/03/2023 07:44:39 საზოგადოება
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა უკრაინის ჰიმნის ფონზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გაშალეს.
ისინი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "მონებო", "არა რუსულ კანონს".
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ, პერიოდულად სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაა.
მანდატურებმა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი გააძევეს. დარბაზიდან მანდატურის სამსახურმა გაიყვანა "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი, ასევე, პარლამენტის წევრები, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თაკო ჩარკვიანი.
პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობის გარეთაც. ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებენ ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ "რუსული კანონის" მიღებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულად შეფერხების მცდელობაში.