Accentnews.ge
საუნივერსიტეტო საზოგადოების პეტიცია: "უარი თავისუფლების, ცოდნის და მომავლის კონტროლს"

საუნივერსიტეტო საზოგადოების პეტიცია: "უარი თავისუფლების, ცოდნის და მომავლის კონტროლს"

04/03/2023 17:47:58 საზოგადოება

საუნივერსიტეტო სფეროს წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებულ კანონპროექტებს, რომლითაც საერთაშორისო პარტნიორების დაფინანსებული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ, თავისუფლების, ცოდნისა და მომავლის კონტროლად აფასებენ. საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მიმართ პეტიციას 4150-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა, ამ დროის [4 მარტი, 21:30 საათი] მონაცემებით.

"მიგვაჩნია რა, რომ რომელიმე მათგანის კანონად ქცევის შემთხვევაში, ძალაუფლება შეიძენს საზოგადოებაზე ბატონობის პოტენციურად ტოტალიტარულ ინსტრუმენტებს. ვფიქრობთ, რომ ამ ინსტრუმენტების თუნდაც ნაწილობრივ გამოყენება შეუქცევადად დააზიანებს იმ საზოგადოებრივი წესრიგის პერსპექტივას, რომლის შექმნის მიზანსაც, საქართველოს დამოუკიდებლობის დაბრუნების დროიდან, ჩვენი საქმიანობა მივუძღვენით.

გვჯერა, რომ განათლება თავისუფალი და სამართლიანი საზოგადოების საძირკველია, რომლის მიწოდებაშიც ჩვენ - უმაღლესი განათლებისა და აკადემიური კვლევის დაწესებულებები - ძირითადი მოქმედი პირები ვართ. ამ ფუნქციას ვასრულებთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომლებიც შექმნილნი არიან გაერთიანებისა და სამეწარმეო თავისუფლებების საფუძველზე და შეადგენენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას", - ნათქვამია მიმართვაში.

აქვე აღნიშნულია, რომ "ეს კანონი შეზღუდავს უმაღლესი განათლებისა და კვლევის დაწესებულებებსაც, რაც საქართველოს მსგავსი მცირერიცხოვანი ერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია".

"საერთაშორისო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან პერსონალურ, პროფესიულ და ინსტიტუციურ კავშირებს ემუქრებათ გაწყვეტა „უცხოეთის აგენტის“ იარლიყით გამოწვეული სტიგმის ძალით. კანონის მსუსხავი ეფექტი გამოიწვევს პერსონალის მასობრივ გადინებას უცხოეთში და მათ მოწყვეტას საქართველოს აკადემიური სფეროდან...

საქართველოს საგანმანათლებლო და აკადემიური სივრცის ფაქტობრივი იზოლაცია მოკლავს საქართველოში დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების კონსოლიდაციის პერსპექტივას, მოსპობს რა განათლებული და ინფორმირებული მოქალაქის აღზრდის ინსტიტუციურ საფუძვლებს", - ნათქვამია მიმართვაში.

ცნობისთვის: საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მწვავე შეფასებებით გამოეხმაურნენ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს, რომლის ინიცირებაც პარლამენტში „ქართული ოცნების“ მოკავშირე „ხალხის ძალის“ დეპუტატების სახელით მოხდა. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის პრეს–სპიკერის განცხადებაში ნათქვამია, რომ „კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან“.

24 თებერვალს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან. მანამდე, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კანონპროექტი მკაცრად გააკრიტიკა.

27 თებერვალს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა ნედ პრაისმა ისევ ღრმა შეშფოთების საფუძველი უწოდა საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის შესახებ" და განაცხადა, რომ "კანონის მიღებამ შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას".

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია, დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.

დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს.

27 თებერვალს "ხალხის ძალამ" პარლამენტის ბიუროს წარუდგინა რიგით მეორე კანონპროექტი, რომლის სახელწოდებაა "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ". პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.

კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, "რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა".

კანონპროექტის თანახმად, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ.

"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 5 წლამდე.

მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტია "ქართულ ოცნებასთან" კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S