კრასნოდარში, სამხედრო აეროდრომთან ხანძარი გაჩნდა
03/03/2023 15:16:16 მსოფლიო
ტელეგრამ–არხზე „ტიპიჩნი კრასნოდარი“ გამოქვეყნდა ვიდეო და ფოტოები, რომლებზეც ჩანს სქელი კვამლის სვეტი კრასნოდარის სამხედრო აეროდრომის, „კრასნოდარ-ცენტრალნის“ რაიონში. აეროდრომის მახლობლად მდებარეობს კრასნოდარის უმაღლესი სამხედრო-საავიაციო სასწავლებელი.
ცეცხლი იმდენად გაფართოვდა, რომ ის დააფიქსირეს NASA-ს თანამგზავრებმა, რომლებიც ტყის ხანძრებს აკვირდებიან.
როგორც გამოცემა „ბლოკნოტ კრასნოდარა“ იტყობინება, საგანგებო ვითარებათა სამინისტროს ადგილობრივმა პრესსამსახურმა თავდაპირველად განაცხადა, რომ „მინდორში აალება მოხდა“ და „შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ სახანძრო-სამაშველო ქვედანაყოფები“. რამდენიმე წუთის შემდეგ უწყებამ დააზუსტა, რომ აალების ტერიტორია მდებარეობს „სხვა უწყების პასუხისმგებლობის ზონაში“ და რომ ცეცხლის ჩაქრობისთვის არ გამოიყენება რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტროს ძალები.
კრასნოდარის უმაღლეს საავიაციო სასწავლებელში, რომელსაც აქვს მიწერილი აეროდრომი, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განაცხადეს, რომ „მიმდებარე მიწებზე არავითარი ხანძარი და დაკვამლიანება არ არის, შესაბამისად, არ არის და არ ყოფილა აფეთქებები“.
Planet.com-ის სატელიტურ ფოტოებზე, რომლებიც 3 მარტს დილითაა გადაღებული, ჩანს მრავალრიცხოვანი გამაგრებული პოზიციები სამხედრო ტექნიკისთვის. ისინი ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე გაითხარა. მათი ნახვა შეიძლება კოსმოსიდან 2021 წლის დეკემბერში გადაღებულ ფოტოებზე.
წარსულში აეროდრომ „კრასნოდარ-ცენტრალნიზე“ დისლოცირებული იყო 461-ე საავიაციო საიერიშო პოლკი. 2018 წელს პოლკის შეიარაღებაში იყო Su-27, Su-30, Su-35, MiG-29 და MiG-35 გამანადგურებლები, ასევე Su-25 მოიერიშეები და MiG-31 გადამტაცები.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უკვე რამდენჯერმე აღინიშნა რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე დარტყმების ან დარტყმის მცდელობების შემთხვევები. იერიშებისთვის დრონები გამოიყენება. მათთვის უკრაინას ოფიციალურად არ აუღია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა.


