ბლინკენი და ლავროვი პირველად შეხვდნენ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ
02/03/2023 15:59:13 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის ინდოეთში, G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში მოკლე საუბარი შედგა. ეს იყო მათი პირველი შეხვედრა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
საუბარი 10 წუთზე ნაკლები დრო გაგრძელდა, – იტყობინებიან Reuters და New York Times აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით.
შეხვედრის შესახებ წინასწარ არ იყო ცნობილი.
ამერიკის წარმომადგენლის თქმით, ბლინკენი ლავროვთან საუბარში სამ თემას შეეხო: სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას; მოუწოდა რუსეთს, დაუბრუნდეს სტრატეგიული შეტევითი იარაღის ხელშეკრულების START-3 შესრულებას და ასევე მოუწოდა რუსეთის კოლონიაში მყოფი ამერიკელი პოლ უელანის გათავისუფლებისკენ.
Reuters ასევე ციტირებს ოფიციალური პირის განცხადებას, „შეხვედრაზე არ შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ რუსეთი მზად არის, შეცვალოს თავისი კურსი უახლოეს მომავალში“.
რა თქვა ლავროვმა, უცნობია. თავად რუს მინისტრს შეხვედრის შესახებ ჯერ არ უსაუბრია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ დაადასტურა შეხვედრა და დააზუსტა, რომ ის ჩატარდა „გადაადგილებისას“ და რომ ეს არ არის სრულფასოვანი მოლაპარაკებები.
G20-ის შეხვედრის მონაწილეები, უკრაინის ომთან დაკავშირებით რუსეთისა და ჩინეთის პოზიციიდან გამომდინარე, ვერ შეთანხმდნენ ერთობლივ კომუნიკეზე, გამოქვეყნდა შემაჯამებელი განცხადება ინდოეთის პრეზიდენტობის სახელით. მასში ძირითადად საუბარია ეკონომიკურ საკითხებზე, მათ შორის უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის ე.წ. მარცვლეულის გარიგების მნიშვნელობაზე. ამავდროულად, ინდოეთმა განაცხადა, რომ G20–ის ქვეყნების უმეტესობამ დაგმო ომი.


