Accentnews.ge
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი განმარტავს, რატომ შეიცვალა სააკაშვილის მკურნალი ექიმი

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი განმარტავს, რატომ შეიცვალა სააკაშვილის მკურნალი ექიმი

02/03/2023 09:01:28 პოლიტიკა, საზოგადოება

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი პაციენტის კატეგორიული მოთხოვნის გამო შეიცვალა.

„ჩვენ გავითვალისწინეთ პაციენტის სურვილი და მოთხოვნა, შესაბამისად შეიცვალა მკურნალი ექიმი, ახლა იქნება ლუიზა შენგელია. პაციენტმა არ ისურვა შემდგომში გაგრძელებულიყო მათი თანამშრომლობა, რომ ქალბატონ თამარს გაეგრძელებინა მუშაობა მასთან. სხვა არაფერი არ ყოფილა. პერსონალი აკეთებს თავის შესაძლებლობების მაქსიმუმს და აგრძელებს თავის მოვალეობის შესრულებას მიუხედავად ყველაფრისა“, – განაცხადა ექმიმმა.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, სააკაშვილი კვლავ დაბალი კალორაჟის საკვებს იღებს.

„საკვებს იღებს, როგორც იღებდა აქამდე. ენდოკრინოლოგის, ნუტრიციოლოგის კონსულტაცია ფაქტობრივად არ სრულდება. შესაბამისად, აგრძელებს იმავე კალორაჟის მიღებას, როგორც იღებდა აქამდე. ძალიან მცირე კალორაჟია, დაახლოებით მესამედია იმ საჭირო კალორაჟისა, რაც ესაჭიროება მის ორგანიზმს“.

კლინიკა "ვივამედის" ექიმმა თამარ დავარაშვილმა შესაბამისი გადაწყვეტილების მიზეზებზე გუშინ "რუსთავი 2" ღამის ეთერში ისაუბრა:

"როდესაც ერთ-ერთ ტელეეთერში გავიდა გადაცემა, ეს იყო 26 თებერვალს, მეორე სამუშაო დღეს ჩვეულებრივად შევედი სამუშაოდ პალატაში და პაციენტი უცნაურად შემხვდა. მივხვდი, რომ გადაცემა ნანახი ჰქონდა. ვკითხე ამის შესახებ და მან მითხრა, რომ სუსის აგენტი ხარო. ეს ჩემთვის იმდენად მოულოდნელი იყო და იმდენად შეურაცხმყოფელი, მე მას ვუთხარი - გავალ პალატიდან და აღარ შემოვალ-მეთქი და იმის შემდეგ მე მართლაც არ შევსულვარ პალატაში და არც არასოდეს შევალ. ეს გადაცემა კვირა საღამოს იყო და ეს მოხდა ორშაბათს... მე მივედი ჩემს უფროსებთან, მათ ვუთხარი, რაც მოხდა. 10 თვე მე ნამდვილად ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მას ისეთი ცხოვრების წესი ჰქონოდა, რაც მის ჯანმრთელობას სჭირდება... მას ახლა ახალი მკურნალი ექიმი ჰყავს. ვნახავთ, როგორ გააგრძელებს. ჩემს კოლეგას იცნობს, მას იცნობს, მორიგეობაზე შედიოდა ხოლმე".

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედშია“. ოჯახი და ადვოკატები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა, გაუმჯობესების ნაცვლად, სულ უფრო მძიმდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი განხილვის შემდეგ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გაეთავისუფლებინათ ან გადაევადებინათ სასჯელი და მას საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცემოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S