
მარანი "ოდა": "დონორთა გარეშე ვერ შევძლებდით, ქართული ქვევრის ღვინო 4 კონტინენტისთვის გაგვეცნო"
02/03/2023 08:47:20 საზოგადოება
საოჯახო მარანი "ოდა" ეწინააღმდეგება "აგენტების შესახებ" კანონის მიღების ინიციატივას და საკუთარი წარმოების მაგალითზე საერთაშორისო პროგრამების მნიშვნელობაზე საუბრობს.
"რუსული კანონი ჩვენი არჩევანი არ არის. რუსული კანონი მათი არჩევანია, ვისაც საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება, შესაბამისად, ეკონომიკურად დამოუკიდებელი, ძლიერი, თავისუფალი მოქალაქეების არსებობა აშინებს!" — ნათქვამია "ოდას" განცხადებაში.
საოჯახო მარნის ცნობით, რომ არა საერთაშორისო პროგრამები და დონორები, ვერ შეძლებდნენ 200 ბოთლით დაწყებული წარმოება გაეფართოებინათ და ქართული ქვევრის ღვინო 4 კონტინენტზე 12 ქვეყნისთვის გაეცნოთ.
"რომ არა USAID-ის პროგრამა - Zrda Activity in Georgia, გაეროს ქალთა ფონდის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა და სახელმწიფო პროგრამა - აწარმოე საქართველოსთვის (რომელიც კვლავ საერთაშორისო დონორების ფინანსური მხარდაჭერით მოქმედებს), საოჯახო მარანი "ოდა" თავისი მწირი რესურსებით ვერ შეძლებდა ღვინის წარმოების გაფართოებას და ვერც ქართულ, ქვევრის ღვინოს გააცნობდა 4 კონტინენტზე მსოფლიოს 12 ქვეყანას.არც ეს, თქვენი საყვარელი რესტორანი იარსებებდა, სადაც უძველეს მეგრულ კერძებს ვიკვლევთ და ვაცოცხლებთ, სადაც ქართულ სამზარეულოს და სტუმარმასპინძლობის საუკეთესო ტრადიციებს ვაცნობთ უცხოელ მოგზაურებს და საერთაშორისო მედიას", — ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მწვავე შეფასებებით გამოეხმაურნენ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს, რომლის ინიცირებაც პარლამენტში „ქართული ოცნების“ მოკავშირე „ხალხის ძალის“ დეპუტატების სახელით მოხდა. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის პრეს–სპიკერის განცხადებაში ნათქვამია, რომ „კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან“.
24 თებერვალს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან. მანამდე, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კანონპროექტი მკაცრად გააკრიტიკა.
27 თებერვალს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა ნედ პრაისმა ისევ ღრმა შეშფოთების საფუძველი უწოდა საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის შესახებ" და განაცხადა, რომ "კანონის მიღებამ შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას".
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია, დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.
დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:
ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).
პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს.
27 თებერვალს "ხალხის ძალამ" პარლამენტის ბიუროს წარუდგინა რიგით მეორე კანონპროექტი, რომლის სახელწოდებაა "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ". პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.
კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, "რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა".
კანონპროექტის თანახმად, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ.
"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 5 წლამდე.
მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტია "ქართულ ოცნებასთან" კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან.