რუსეთის ერთდროულად რამდენიმე რეგიონი ფედერაციიდან გამოყოფის ინიციატივით გამოდის
02/03/2023 08:40:25 მსოფლიო
რუსეთის ერთდროულად რამდენიმე (კენიგსბერგის, ინგრიის, ტივის, ურალის, ციმბირისა და ყუბანის) რეგიონი ფედერაციისგან გამოყოფის ინიციატივით გამოდის და აცხადებს, რომ "რუსეთისგან პოლიტიკური, ტერიტორიული გამიჯნვისა და დამოუკიდებლობის" თემაზე რეფერენდუმების გამართვას გეგმავს.
პლებისციტი ონლაინ-რეჟიმშია დაგეგმილი, - იუწყება რუსული მედია.
"დადგა რეალური ცვლილებების დრო. ვაცხადებთ მოსკოვისგან გამოყოფის პროცესის დაწყებას და თავისუფალი ადამიანების პირველ რეფერენდუმებს. მივმართავთ თანამემამულეებს მოწოდებით, მონაწილეობა მიიღონ რეფერენდუმებში და მტკიცე "დიახ" უთხრან ჩვენი რეგიონების დამსახურებულ დამოუკიდებლობას!", — განაცხადეს ორგანიზატორებმა ბრიუსელში "პოსტრუსეთის ფორუმის" მსვლელობისას.
მათივე აზრით, მოსკოვისგან გამიჯნვა ყოველ რეგიონს, სხვა ყველაფერთან ერთად, ეკონომიკურ უპირატესობებსაც მისცემს.
"კმარა მოსკოვის კვება! კმარა კრემლისთვის სიკვდილი! ხმა მიეცით საკუთარი რესპუბლიკის დამოუკიდებლობას! აირჩიეთ ბედნიერი მომავალი თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის" - აცხადებენ ინიციატორები.


