ლუკაშენკო პეკინში ჩინელ კოლეგას შეხვდა
01/03/2023 17:26:26 მსოფლიო
ბელარუსის ლიდერი ალიაქსანდრე ლუკაშენკო პეკინში ჩინელ კოლეგა სი ძინ პინს შეხვდა. ორმხრივი მოლაპარაკებების დროს ლუკაშენკომ მხარი დაუჭირა ჩინეთის "სამშვიდობო გეგმას" უკრაინასთან დაკავშირებით. ამასთან, მან პეკინს ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში თანამშრომლობის გაფართოება შესთავაზა.
თავის მხრივ, სი ძინ პინმა აღნიშნა, რომ ბელარუსი და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან და ეს სტატუსი ახალი შინაარსით უნდა შეივსოს.
მანამდე, ლუკაშენკო ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. მათ ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზეც ისაუბრეს. ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება და უკვე 6 მილიარდ დოლარს მიაღწია.
24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა 12-პუნქტიანი პოზიცია „უკრაინის კრიზისის“ პოლიტიკური გადაწყვეტის შესახებ. თუ პირველივე პუნქტი შესაძლოა, აღქმული იყოს უკრაინის მხარდაჭერად, მეორე პუნქტი რუსეთის ინტერესებს ეხმიანება.
რაც შეეხება რუსეთის ომს უკრაინაში, ჩინეთი ნეიტრალურ პოზიციას იკავებს. ამასთან, ქვეყანა არ შეუერთდა შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და მრავალი სხვა ქვეყნის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოს (CIA) დირექტორმა უილიამ ბერნსმა თებერვალში განაცხადა, რომ დაზვერვის ცნობით, ჩინეთი შესაძლოა, რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას გეგმავდეს.
ბელარუსი რუსეთის ერთ-ერთი მოკავშირეა უკრაინასთან ომში. ქვეყანა უზრუნველყოფს პლაცდარმს რუსეთის ჯარებისთვის, მაგრამ ბელარუსის არმია არ იღებს პირდაპირ მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში.


