უკრაინის გენშტაბი – გასულ 24 საათში მოგერიებულია რუსეთის 85-ზე მეტი შეტევა
01/03/2023 05:29:25 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 2 სარაკეტო და 12 საავიაციო დარტყმა და 68 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.
გარდა ამისა, რუსულმა ქვედანაყოფებმა ნაღმმტყორცნებითა და საარტილერიო დანადგარებით დაცხრილეს დონეცკის, ლუგანსკის, ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ათეულობით დასახლებული პუნქტი.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, ქვეყნის აღმოსავლეთში - ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და შახტარსკის მიმართულებებით, თავდაცვის ძალებმა გასულ 24 საათში მოიგერიეს 85-ზე მეტი შეტევა.
გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში უკრაინის ავიაციამ 11 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 9 რაიონი, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების 2 პოზიცია და საბრძოლო მასალების საწყობი.


