ზელენსკი: "ყველაზე მძიმე სიტუაცია ბახმუტშია"
01/03/2023 05:23:35 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ფრონტის ხაზზე ყველაზე მძიმე სიტუაცია დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტშია. შექმნილ ვითარებაზე ზელენსკიმ 28 თებერვალს, ღამით ისაუბრა უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას, რომელსაც წინ უძღოდა მისი შეხვედრა თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელებთან და ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით მებრძოლი დაჯგუფებების სარდლებთან.
ზელენსკის განცხადებით, ბახმუტის რაიონში ბრძოლები სულ უფრო ინტენსიური ხდება. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, სამხედრო მეთაურებთან წინა შეხვედრის შემდეგ, რომელიც გასულ ხუთშაბათს გაიმართა, მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით მოკლულია 800-მდე რუსი სამხედრო. უკრაინა საკუთარ დანაკარგებს საჯაროდ არ ასახელებს.
ფრონტის სხვადასხვა მიმართულებებით არსებული სიტუაციის და ლოგისტიკის საკითხების განხილვის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებს ამზადებენ მორიგი აქტიური მოქმედებებისთვის უკრაინული მიწების გასათავისუფლებლად.


