უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ ისაუბრა
28/02/2023 15:35:13 პოლიტიკა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ გამოცემა Суспільне Новини-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ნელ-ნელა კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.
მან თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობაზეც გააკეთა აქცენტი:
„საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნა ფინალურ სტადიაზეა. პოლიტიკურ მომენტის საკითხია, ის როდის გაემგზავრება საქართველოში. ელჩის ყოფნა-არყოფნა - ეს ყოველთვის პოლიტიკური სიგნალია. ჩვენ არ გაგვიკეთებია არაფერი, აბსოლუტურად, თითიც კი არ გაგვინძრევია იმისთვის, რომ საქართველოსთან ურთიერთობა გაგვეფუჭებინა. პირიქით, ბევრი გავიღეთ იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობები განვითარებულიყო. თუკი უკრაინელ ხალხს, სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობა რჩება უცვლელი და პოზიტიური, ჩვენ ამის თქმა არ შეგვიძლია საქართველოს მთავრობის შესახებ", - აღნიშნა კულებამ და განაგრძო: "დაწყებული მიხეილ სააკაშვილის საქმით, რომელსაც უბრალოდ კლავენ. ყველა საგანს უნდა დაერქვას თავისი სახელი. საქართველოს მთავრობა ნელ-ნელა კლავს უკრაინის მოქალაქეს მიხეილ სააკაშვილს. მათ შეუძლიათ, როგორც პოლიტიკოსზე, რაც უნდათ ის იფიქრონ მის შესახებ, მაგრამ ჩემთვის, როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელისთვის, ის არის უკრაინის მოქალაქე. მე ვიბრძოლებ მისთვის ისევე, როგორც ჩვენ ვიბრძვით თითოეული მოქალაქისთვის, რომელიც განსაცდელში ჩავარდება. დაბოლოს, მთლიანობაში, რაც შეეხება საქართველოს მთავრობის ურთიერთობას რუსეთის ფედერაციის მიმართ - არის შეკითხვები, არის პრობლემები. მაგრამ ჩვენ გვაქვს მათთან კომუნიკაციის საკმარისი არხები იმისთვის, რომ კონტაქტი შევინარჩუნოთ და ვეცადოთ ამ საკითხების გადაჭრას".
24 თებერვალს უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ანდრი კასიანოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "უკრაინულ მხარეს არ მიუღია არც ერთი სამშვიდობო ინიციატივა საქართველოს მთავრობისგან, ისევე როგორც ოფიციალური პასუხი უკრაინის მშვიდობის ფორმულის მისაღებობისა და მიზნების განხორციელებაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ."
მისივე თქმით, "საქართველოს მოქალაქეების მუდმივი დაშინება, შეურაცხყოფა და არამეგობრული გამონათქვამები მთავარი მოკავშირეებისა და სტრატეგიული პარტნიორების მიმართ, არ არის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე პასუხისმგებელი პოლიტიკის ნიშანი."
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 27 თებერვალს, იუსტიციის სამინისტროში მინისტრ რატი ბრეგაძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარში განაცხადა, რომ მინისტრს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული ოფიციალური დემარში გადასცა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.


