
ბაკალავრიატის 178 450 სტუდენტიდან 68 491-ს სტატუსი აქვს შეჩერებული - სამინისტრო
28/02/2023 14:52:04 საზოგადოება
ბაკალავრიატის საფეხურზე ფიქსირდება 178 450 სტუდენტი, რომელთაგან სტატუსი შეჩერებული აქვს 68 491 სტუდენტს, ხოლო მათგან 28 590-ს - ფინანსური დავალიანების გამო. ინფორმაცია განათლების და მეცნიერების სამინისტრომ საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატს ანა ბუჩუკურს მიაწოდა.
ბუჩუკურის სადეპუტატო კითხვა დღეის მდგომარეობით, ბაკალავრიატის საფეხურზე მყოფი სტუდენტებისთვის სტატუსის შეჩერებას ეხებოდა.
„13.02.2023-ის მდგომარეობით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზაში ბაკალავრიატის საფეხურზე ფიქსირდება 178 450 სტუდენტი, რომელთაგან სტატუსი შეჩერებული აქვს 68 491 სტუდენტს, ხოლო მათგან 28 590-ს - ფინანსური დავალიანების გამო.
ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტებიდან 1064 პირი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე; 851 პირს აქვს აქტიური სტატუსი სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე; 1031 სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან გასულია 5 წელზე მეტი; 754 სტუდენტს სტატუსი შეჩერებული აქვს 2 ან მეტ საგანმანათლებლო პროგრამაზე; 2702 სტუდენტს მოპოვებული აქვს სახელმწიფო-სასწავლო-სოციალური გრანტი; ხოლო 1051 სარგებლობდა პრიორიტეტული პროგრამული დაფინანსებით.
ამგვარად, წარმოგიდგენთ ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით დათვლილი მონაცემების ცხრილს 13.02.2023-ის მდგომარეობით“, - ნათქვამია განათლების მინისტრის მიერ ხელმოწერილ წერილში.
განათლების სამინისტროს განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით სტუდენტის სტატუსის შეჩერებად განიხილება დაწესებულებისა და სტუდენტის უფლება-მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გარეშე. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი შესაძლოა იყოს სტუდენტის პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე); უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა; ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება; ფინანსური დავალიანება ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოება.
ა) სტატუსშეჩერებულ სტუდენტს აქვს უფლება გაიაქტიუროს სტატუსი;ბ) სტუდენტმა სტატუსი შეიძლება შეიჩეროს რამდენჯერმე;გ) ერთ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში სტატუსშეჩერებული სტუდენტი შეიძლება აქტიური იყოს სხვა უმაღლეს სასწავლებელში ან/და სხვა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე.
„ამასთან, უმაღლესი განათლების კანონის საფუძველზე პირი სახელმწიფოს მიერ ერთ საფეხურზე ერთხელ ფინანსდება. შესაბამისად, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსი შეიძლება შეუჩერდეს სტუდენტს, რომელსაც ამოეწურა სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან/და სრულად ისარგებლა პრიორიტეტული პროგრამული დაფინანსებით და სწავლას აგრძელებს დამატებით სემესტრში“, - განმარტავენ განათლების სამინისტროში.