მოსკოვის მახლობლად დრონი ჩამოვარდა – მედია
28/02/2023 11:41:03 მსოფლიო
მოსკოვის ოლქში, სოფელ გაბასტოვოში, „გაზპრომის“ კუთვნილი გაზის კომპრესორის სადგურიდან 100 მეტრში დრონი ჩამოვარდა,– იუწყება რუსული „კომერსანტი.
საიდან გაჩნდა და ვის ეკუთვნოდა დრონი, ჯერჯერობით უცნობია.
გამოცემა წერს, რომ დაცემის შედეგად აფეთქება არ მომხდარა, არ ყოფილა მსხვერპლი და ნგრევა.
მოსკოვის რეგიონის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა გამოთქვა ვარაუდი, რომ „სამიზნესამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტი იყო“.
„ФСБ და სხვა კომპეტენტური ორგანოები არეგულირებენ სიტუაციას“,– თქვა რუსმა გუბერნატორმა.
Shot -ის ცნობით, დრონი უკრაინული კომპანია Ukrjet-ის მიერ წარმოებული UJ-22 Airborne იყო. მისი ფრენის დიაპაზონი 800 კმ-ია, სიჩქარე 130-140 კმ/სთ. ტვირთამწეობა - 20 კგ-მდე. გამოცემის წყარო თვლის, რომ დრონს შესაძლოა, საწვავი ამოეწურა, სიმაღლე დაკარგა, ხეებს შეეჯახა, ფრთა დაუზიანდა და დაეცა.
მანამდე, 28 თებერვალს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინული დრონები ჩამოყარეს, რომლებიც „თავს დაესხნენ ყუბანს და ადიღეას“ და რომ კიდევ ერთი ჩამოაგდეს ბრაიანსკის რაიონში. გარდა ამისა, დრონი შეამჩნიეს ტუაფსეში, „როსნეფტის“ ნავთობბაზის მიდამოში, სადაც ღამით ხანძარი გაჩნდა. წინა დღით ბელგოროდში ორ ქუჩაზე იპოვეს უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები. დღეს აფეთქებების ხმები ისმოდა ყირიმშიც.


