Accentnews.ge
მდინარაძე მხარს უჭერს ინჯიას ინიციატივას, აგვისტოს ომზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას

მდინარაძე მხარს უჭერს ინჯიას ინიციატივას, აგვისტოს ომზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას

28/02/2023 11:36:54 პოლიტიკა

"ქართული ოცნება" მხარს უჭერს "ევროპელი სოციალისტების" იდეას, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისია შეიქმნას.

"გამოძიებას დიდი სიამოვნებით დავუჭერდი მხარს - ქართულმა მხარემ რომ ნაბიჯები გადადგა, როცა 7 აგვისტოს ღამეს მთელს მსოფლიოს დაბომბვა აჩვენეს, პასუხი გასცენ, რას ბომბავდნენ? 8 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში რომ იძახდნენ შეტევაზე ვართო, ამით რას აკეთებდნენ? შემდეგ რეზოლუციაში მხარი იმ მოცემულობას რომ დაუჭირეს: ომი ჩვენ დავიწყეთ და სამხედრო დანაშაული ჩავიდინეთო, ამით რა გააკეთეს? ეს გამოსაძიებელია, აბა რა! არ არის გამოსაძიებელი?! ამ კითხვებზე მკაფიო პასუხები რომ არ არსებობს, ამას შესაძლოა, კომისია სჭირდებოდეს!", - აცხადებს მდინარაძე.

მისი თქმით, საერთაშორისო სასამართლოებმა უფლებების დარღვევის საკითხები და ომის დანაშაულების საქმე განიხილა, სადაც საქართველომ გაიმარჯვა.

“არც ჰააგისა და არც სტრასბურგის სასამართლო არ მსჯელობდა იმაზე, ვინ დაიწყო და დაამთავრა ომი. სტრასბურგის სასამართლო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სუბიექტებს იკვლევდა და მოვიგეთ - საქართველოს უფლებების დარღვევა არ დაუდასტურდა. მეორე ომის დანაშაულს იკვლევდა, რაზეც “ნაცებმა“ თავის დროზე ხელი მოაწერეს, რომ თითქოს ქართველმა სამხედროებმა ომის დანაშაული ჩაიდინეს. ქართველი სამხედროები ამაშიც გავამართლეთ და ეს პროცესიც მოვიგეთ. სამწუხაროდ, ტალიავინის კომისიის დასკვნაში რაც ეწერა - აღწერილობით ისტორიულ სამოტივაციო ნაწილში - სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებაში ტალიავინის კომისიის მონაცემები გადავიდა. დღეს ჩვენ გვისვამენ კითხვას - ომი ვინ დაიწყოო, მე ამის ადრესატი არა ვარ!

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, ეს საკმაოდ დელიკატური საკითხია. თუმცა პირადად მე მაწუხებს კითხვა, თუ რატომ გააკეთეს ეს ყველაფერი? პირადად მე, საქართველოს ერთ მოქალაქეს, მაწუხებს კითხვა - რატომ მოხდა რომ ტალიავინის კომისიის დასკვნაში ასე დაიწერა, რეზოლუციაში ასე დაიწერა, ტალიავინის კომისიის მოცემულობა ისტორიულ აღწერილობაში გადავიდა, როცა სტრასბურგმა აბსოლუტურად სხვა თემაზე იმსჯელა, რატომ დაუჭირეს მხარი იმას, რომ ქართველმა სამხედროებმა სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს - რატომ გააკეთეს ეს ყველაფერი? რატომ იმოქმედეს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ - ამის გამოძიებას დიდი სიამოვნებით დავუჭერდი მხარს! მაინტერესებს, რატომ ჩაიდინეს ეს მოღალატეობრივი ქმედებები და რა იყო ამის მოტივაცია. აღნიშნულ კითხვებზე პასუხი მოცემულობას მოგვცემს, ვინ რა გააფუჭა და საკუთარ ქვეყანას რატომ უღალატა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ, რომლის მტკიცებით, “ნაციონალურ მოძრაობას“ თავის დროზე საქართველოს წინააღმდეგ მოღალატეობრივი და იმ ქვეყნის სასარგებლო ქმედებები აქვს ჩადენილი, რომელიც დღეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს“.

ცნობისთვის: „ევროპელი სოციალისტები“ პროკურატურაში 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ხელმოწერებს აგროვებენ და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. აღნიშნულის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

"ყველამ ვიცით, რომ სააკაშვილი ყველა ნაბიჯს ამერიკელებს უთანხმებდა და მათ გარეშე ვერცერთ ზემოთ ნახსენებ ქმედებას ვერ დაგეგმავდა და განახორციელებდა. განსაკუთრებით ეს შეიძლება ითქვას [ჯორჯ] ბუშის [იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტის] 2005 წლის ვიზიტის შემდეგ საქართველოში. ამერიკელებმა კარგად იცოდნენ, რომ სააკაშვილის მიერ ცხინვალის დაბომბვას, რუსეთი პასუხი მოჰყვებოდა, რაც საბოლოოდ რუსეთსაც და ევროპასაც სერიოზულ დაპირისპირებას მოუტანდა, 2008 წლის ომმა პირველად გააჩინა ბზარი ევროპასა და რუსეთს შორის, როგორც ეს ეხლა გრძელდება უკრაინის ომიდან გამომდინარე. ამერიკამ მაშინ ჩვენ და ეხლა კი მთელი ევროპა და უკრაინა გაწირა".

2022 წლის აგვისტოში 14 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან, რომელსაც საქართველოს მხრიდან 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო და 19 პოლიციელი ემსხვერპლა. 150 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა. დაიჭრა 1700-ზე მეტი პირი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S