რუსეთში, საცხოვრებელ კორპუსში ყუმბარა აფეთქდა, რომელიც უკრაინიდან ჩაიტანა სამხედრომ
28/02/2023 07:50:34 მსოფლიო
რუსულ კრასნოდარში, საცხოვრებელ კორპუსში ყუმბარა აფეთქდა, რომელიც უკრაინიდან იქ მებრძოლმა რუსმა სამხედრომ ჩაიტანა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების დროს სამხედრო ნასვამ მდგომარეობაში იყო. ყუმბარის მფლობელმა ჭრილობები მიიღო.
მან თქვა, რომ RDG-5 ხელყუმბარა მან 2023 წლის იანვარში დონეცკის რეგიონიდან ჩაიტანა, სადაც მონაწილეობა მიიღო საომარ მოქმედებებში.
მისი ბინის დათვალიერებისას აღმოაჩინეს კიდევ ერთი ხელყუმბარა, რომელიც რუსეთის ეროვნულმა გვარდიამ ამოიღო.
მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზეა აღძრული.
იანვარში რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს, რომ 2022 წელს რუსეთში დანაშაულების რაოდენობა გაორმაგდა, სადაც იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები ფიგურირებს.
უმეტესად იარაღის გამოყენებით დანაშაული სამხედროებმა ჩაიდინეს.
გამოცემა „Вёрстка“, რომელიც სწავლობდა სასამართლოების სტატისტიკას, იუწყება, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან სულ მცირე 42 სამხედრო გაასამართლეს დაურეგისტრირებელი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების მითვისების, ფლობისა და ტარებისთვის. უკვე გამოქვეყნებული განაჩენების მიხედვით, მათ საომარი მოქმედებების ზონაში ნაპოვნი ცეცხლსასროლი იარაღი ან გამოუყენებელი ვაზნები და ხელყუმბარები მიითვისეს.


