რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ ნავთობის ბაზაზე ხანძარი გაჩნდა
28/02/2023 07:29:27 მსოფლიო
რუსეთის კრასნოდარის მხარეში, ტუაფსეში, ნავთობის ბაზაზე ღამის 02:00 საათისთვის ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ქალაქის ადმინისტრაციაში განაცხადეს.
ხანძარი გაჩნდა ინდუსტრიალნაიას ქუჩაზე, სადაც, ღია მონაცემებით, როსნეფტის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს. ხანძრის ამსახველი ფოტოები ადგილობრივ ტელეგრამ–არხებზე გამოჩნდა.
ადგილობრივების თქმით, რამდენიმე წამის შუალედში ორი აფეთქების ხმა გაიგეს.
Baza და Shot ირწმუნებიან, რომ ბაზას დრონებით დაესხნენ თავს. ASTRA-ს გადმოცემით, დაზიანებულია საქვაბე, შენობის გვერდით კი აღმოჩენილია 1,5 მეტრის სიღრმის ორი ღრმული.
ASTRA-ს ცნობით, შემთხვევის ადგილიდან 30 მეტრში რუსი სამხედროების ყაზარმებია. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს.
ქალაქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ხანძარი ნავთობის ბაზაზე არსებულ დამხმარე შენობაში გაჩნდა და ის მთლიანად ლიკვიდირებულია.
ადგილობრივი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ხანძარი ნავთობის ავზებს არ შეეხო, არც ნავთობპროდუქტების დაღვრა და არც მსხვერპლი არ ყოფილა. ტუაფსეს ადმინისტრაციის ცნობით, ხანძრის ჩაქრობაში 32 მეხანძრე და 11 ტექნიკა მონაწილეობდა.


