კანადის მთავრობამ სამსახურებრივ მობილურ მოწყობილობებზე ჩინური „ტიკტოკის“ აპლიკაცია აკრძალა
28/02/2023 05:55:23 მსოფლიო
კანადის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამსახურებრივ მობილურ მოწყობილობებზე ჩინური სოციალური პლატფორმის, „ტიკტოკის“ აპლიკაცია აიკრძალა.
როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა, კანადის ხელისუფლება ძალიან სერიოზულად უდგება როგორც უსაფრთხოებისა და დაცულობის, ისე გამოხატვის თავისუფლების საკითხებს.
აპლიკაცია „ტიკტოკთან“ დაკავშირებით რეგულაციები მიიღეს ევროკავშირსა და აშშ-შიც. გასულ კვირას ევროკომისიამ უსაფრთხოების მიზეზებით, თანამშრომლებს ჩინური კომპანიის კუთვნილი სოციალური მედიის აპლიკაციის, „ტიკტოკის“ გამოყენება აუკრძალა. მანამდე , 2022 წლის დეკემბერში აშშ-ის მთავრობამ ფედერალური უწყებების თანამშრომლებს სამსახურებრივ მოწყობილობებზე „ტიკტოკის“ გამოყენება აუკრძალა.


