უკრაინის გენშტაბი – ბოლო 24 საათში მოგერიებულია რუსეთის 60-ზე მეტი შეტევა
28/02/2023 05:52:20 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 8 სარაკეტო და 32 საავიაციო დარტყმა და 85 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.
გარდა ამისა, რუსულმა ქვედანაყოფებმა ნაღმმტყორცნებითა და საარტილერიო დანადგარებით დაცხრილეს დონეცკის, ლუგანსკის, ჩერნიგოვის, ხარკოვის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ათეულობით დასახლებული პუნქტი.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს შეტევებზე აღმოსავლეთში - ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და შახტარსკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 60-ზე მეტი შეტევა.
გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 12 უპილოტო საფრენი აპარატი. უკრაინის ავიაციამ 4 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 2 რაიონი, საჰაერო თავდაცვის 2 პოზიცია და მართვის პუნქტი.
27 თებერვალს, ღამით უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბახმუტის მიმართულებით სიტუაცია სულ უფრო მძიმე ხდება და მტერი ანადგურებს ყველაფერს, რაც შესაძლოა, გამოყენებული იყოს უკრაინელი სამხედროების პოზიციების დაცვისა და განმტკიცებისთვის. ზელენსკიმ ბახმუტის დამცველებს ნამდვილი გმირები უწოდა.


