გიორგი კვინიტაძის შთამომავალი: ბაბუას ოცნება იყო, დაკრძალულიყო საქართველოში
26/05/2021 18:46:37 საზოგადოება
10 წლის ვიყავი როცა ბაბუაჩემი გარდაიცვალა. ჩვენ პარიზის გარეთ ვცხოვრობდით. მაშინ ჩემი აღქმა იყო, რომ საყვარელი ბაბუა დავკარგე. ის ძალიან მოსიყვარულე ბაბუა იყო, - ამის შესახებ გენერალ გიორგი კვინიტაძის შთამომავალმა მარიამ დაბომ განაცხადა.
„ის, რომ ბაბუაჩემი დაბრუნდა თავის სამშობლოში, ეს ახდენილი ოცნებაა. არ მეგონა, თუ ეს ოდესმე მოხდებოდა. სწორედ პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დახმარებით ეს შესაძლებელი გახდა. ის საფრანგეთში დაიღუპა ისე, რომ არ უნახავს თავისი სამშობლო. ჩვენთვის, მისი შთამომავლებისთვის მისი საქართველოში დაკრძალვა უმნიშვნელოვანესი ფაქტია", - განაცხადა დაბომ.
გენერალ გიორგი კვინიტაძის გადმოსვენებაზე მუშაობა ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დაიწყო. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, "გენერალ კვინიტაძის სახელი ოკუპაციასთან შეურიგებლობას და თავისუფლებისთვის ბრძოლას განასახიერებს და მისი საქართველოში გადმოსვენება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა ქვეყნისა და ხალხისათვის".
საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალი, საქართველოს ეროვნული გმირი, გენერალი გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოასვენეს [2021 წლის 22 მაისი], საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში გარდაცვლილი საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალი, საქართველოს ეროვნული გმირი, გენერალი გიორგი კვინიტაძე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს [2021 წლის 26 მაისი].
გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა 1919 წელს ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.


