უკრაინის დაზვრევის მაღალჩინოსანი რუსეთის ტერიტორიაზე იერიშს არ გამორიცხავს და განმარტავს, როდის გადავა კიევი შეტევაზე
26/02/2023 14:33:37 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე ვადიმ სკიბიცკი აცხადებს, რომ "უკრაინის არმია შეტევაზე გადასასვლელად გაზაფხულზე იქნება მზად და მისი ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი სამხრეთ ფრონტის გარღვევა იქნება“.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შეტევის ერთ-ერთ მთავარ მიზნად რუსეთისა და ანექსირებული ყირიმის ტერიტორიას შორის კავშირის მოშლაა დასახული, არ არის გამორიცხული იერიშების მიტანა რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, ბელგოროდის რეგიონში მებარე იარაღის საწყობებზე, საიდანაც უკრაინაზე თავდასხმები ხორციელდება.
როგორც მან აღნიშნა, შეტევის დაწყების მომენტი დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე, მათ შორის – დასავლეთიდან იარაღის მიწოდებაზე.
აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი განკუთვნილია უკრაინის ტერიტორიის განთავისუფლებისთვის, მაგრამ არა რუსეთის წინააღმდეგ მისსავე ტერიტორიაზე დარტყმებისთვის.
სკიბიცკი აცხადებს, რომ მომავალი შეტევის მიზანია "უკრაინის ყველა ოკუპირებული ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის გათავისუფლება" და 1991 წლის საზღვრების აღდგენა. მანამდე, მსგავსი განცხადება სკიბიცკის უფროსმა, გენერალმა კირილ ბუდანოვმა გააკეთა.
ყირიმის შესაძლო სამხედრო გზით დაბრუნებაზე საუბარი უკრაინის ხელმძღვანელობამ 2022 წლის თებერვალში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაიწყო. ქვეყნის სუვერენიტეტის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში აღდგენას, კიევი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მთავარ პირობას უწოდებს.


