Accentnews.ge
წულუკიანის თქმით, გელათში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებს

წულუკიანის თქმით, გელათში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებს

24/02/2023 20:21:15 საზოგადოება

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამართულ შეხვედრის შემდეგ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებს.

„პირველი არხის" ცნობით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საპატრიარქოს წარმომადგენლ​ები, არქიტექტორ-რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები და პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე.

„ჩვენი დისკუსია დავაფუძნეთ იმ პრობლემებს, რომლის აღმოფხვრაც გელათის სამონასტრო კომპლექსში ჩემი მინისტრობისას ძალიან აქტიურად დაიწყო. შევთანხმდით შემდეგზე, რომ საქართველოს საპატრიარქო იზიარებს ჩემს ინიციატივას, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში პრობლემების აღმოფხვრის პროცესს, კონსერვაციის პროცესს და რესტავრაციის პროცესს, როცა ამის დრო დადგება, როგორც კედლის მხატვრობაზე, ასევე გადახურვაზე სრულად სათავეში ჩაუდგეს საქართველოს საპატრიარქო და სამინისტრო აღარ იყოს ამ პროცესში წამყვანი. სამინისტრო იმ ფინანსურ რესურსს, რომელიც თავად უნდა დაეხარჯა, გადასცემს საქართველოს საპატრიარქოს და ის ამ ფინანსური რესურსით შეძლებს, წარმართოს პრობლემების აღმოფხვრის პროცესი, როგორც ძირითადი ტაძრის შიგნით და გარშემო, ასევე სხვა კომპლექსის კომპონენტებთან დაკავშირებით. იქ არაერთი სხვა პრობლემაც არის, რომლების მოგვარების პროცესი დაწყებული გვქონდა და ამ პრობლემების მოგვარებას გააგრძელებს საქართველოს საპატრიარქო“, – თქვა წულუკიანმა.

მისი თქმით, გელათის საკითხზე დისკუსიის პლატფორმა და ფორმატი იქნება საქართველოს საპატრიარქოში.

30 იანვარს საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულმა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა გამოაქვეყნა გელათის მოხატული ტაძრების შესახებ მძიმე კვლევა, რომელიც კონსერვაციის პრობლემებს შეეხება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "გადაწყვეტილებების მიღების პროცესი უკიდურესად ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალეა". მას კულტურის სამინისტრომ „პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფის მოსაზრებების კრებული" უწოდა, საპატრიარქომ კი განმარტა, რომ კვლევა მათი თხოვნით მოამზადა და ამ პროცესს პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

15 თებერვალს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა გელათის საკათედრო ტაძრის მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ კრიზისი 2015-19 წლებში შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S