
ქოროღლიშვილი: „უკრაინაში ჩემი ოჯახის 6 წევრი ძაღლებივით ჩახოცეს!“
24/02/2023 18:51:40 საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ უკრაინისადმი სოლიდარობის აქცია დასრულდა. მანამდე აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ – დავით ქოროღლიშვილმა გამართა პერფორმანსი: მან აქციაზე საკუთარი ბიბლიოთეკიდან მიიტანა საბჭოთა კავშირის ლიდერის სტალინის ტომეული და დაწვა ნიშნად იმისა, რომ საქართველო წარსულში არ დაბრუნდება, არ იქნება იმპერიის ნაწილი, რომლის აღდგენისკენაც კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი ისწრაფვის. ფერფორმანსს დემონსტრანტებიც შეუერთდნენ
ქოროღლიშვილმა, რომელიც ომის ვეტერანია, ჟურნალისტებს საკუთარი ოჯახის შემაძრწუნებელი ისტორია უამბო – მისი ოჯახის ექვსი წევრი უკრაინაში დახვრიტეს რუსმა სამხედროებმა გორლოვკაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ:
„უკრაინაში ჩემი ოჯახის 6 წევრი ძაღლებივით ჩახოცეს! ჩემი და – აქსანა ქოროღლიშვილი, მისი შვილი (ევროპის ჩემპიონი იყო, ბოქსიორი), რძალი, ქმარი და ორი შვილიშვილი რუსებმა დახვრიტეს!“.
დღეს ერთი წელი შესრულდა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან. ომს უკვე ემსხვერპლა უკრაინის ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე. მილიონობით უკრაინელი იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინა.
გაეროს მონაცემებით, ომის შედეგად დაიღუპა 8 000 მეტი სამოქალაქო პირი. საკუთარი საცხოვრებელი იძულებით დატოვა დაახლოებით 14 000 000-მა ადამიანმა.
უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში განადგურებულია ათი ათასობით სახლი, ადმინისტრაციული შენობები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები და კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს თითქმის 5 000 სარაკეტო და დაახლოებით 3 500 საავიაციო დარტყმა. ასევე, 1 100-მდე დარტყმა უპილოტო საფრენი აპარატებით.
უკრაინა და რუსეთი არ ასახელებენ დაღუპული სამხედრო პირების რაოდენობას. დასავლეთის სახელმწიფოების, მათ შორის დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოკლული და დაჭრილია 200 000-მდე რუსი სამხედრო. სავარაუდოდ, ასეთივეა უკრაინის დანაკარგი.