
თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა
24/02/2023 17:12:15 საზოგადოება
რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომიდან ერთი წლისთავზე, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა.
"საქართველოს დედაქალაქი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს, უსურვებს მათ მშვიდობასა და ქვეყნის ერთიანობას",- აცხადებენ მერიაში.
ამ წუთებში რუსთაველზე უკრაინისადმი სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.
დღეს ერთი წელი შესრულდა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან. ომს უკვე ემსხვერპლა უკრაინის ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე. მილიონობით უკრაინელი იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინა.
გაეროს მონაცემებით, ომის შედეგად დაიღუპა 8 000 მეტი სამოქალაქო პირი. საკუთარი საცხოვრებელი იძულებით დატოვა დაახლოებით 14 000 000-მა ადამიანმა.
უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში განადგურებულია ათი ათასობით სახლი, ადმინისტრაციული შენობები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები და კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს თითქმის 5 000 სარაკეტო და დაახლოებით 3 500 საავიაციო დარტყმა. ასევე, 1 100-მდე დარტყმა უპილოტო საფრენი აპარატებით.
უკრაინა და რუსეთი არ ასახელებენ დაღუპული სამხედრო პირების რაოდენობას. დასავლეთის სახელმწიფოების, მათ შორის დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოკლული და დაჭრილია 200 000-მდე რუსი სამხედრო. სავარაუდოდ, ასეთივეა უკრაინის დანაკარგი.