Accentnews.ge
რუსეთის ქალაქებში უკრაინისადმი სოლიდარობის აქციებზე დაკავებები მიმდინარეობს

რუსეთის ქალაქებში უკრაინისადმი სოლიდარობის აქციებზე დაკავებები მიმდინარეობს

24/02/2023 17:03:26 მსოფლიო

რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში მინიმუმ 15 ადამიანი დააკავეს, რომლებმაც უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად ტარას შევჩენკოს ძეგლთან ყვავილები მიიტანეს,– იუწყება ОВД-Инфо.

მედიის ცნობით, სამი ქალი დააკავეს მოსკოვში, ლესია უკრაინკას ძეგლთან. სამი ადამიანი დააკავეს ეკატერინბურგშიც.

მედია წერს, რომ დაკავებები მიმდინარეობს რუსეთის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის – ირკუტსკში, კოროლევსა და ბარნაულში.

დღეს ერთი წელი შესრულდა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან. ომს უკვე ემსხვერპლა უკრაინის ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე. მილიონობით უკრაინელი იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინა.

გაეროს მონაცემებით, ომის შედეგად დაიღუპა 8 000 მეტი სამოქალაქო პირი. საკუთარი საცხოვრებელი იძულებით დატოვა დაახლოებით 14 000 000-მა ადამიანმა.

უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში განადგურებულია ათი ათასობით სახლი, ადმინისტრაციული შენობები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები და კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს თითქმის 5 000 სარაკეტო და დაახლოებით 3 500 საავიაციო დარტყმა. ასევე, 1 100-მდე დარტყმა უპილოტო საფრენი აპარატებით.

უკრაინა და რუსეთი არ ასახელებენ დაღუპული სამხედრო პირების რაოდენობას. დასავლეთის სახელმწიფოების, მათ შორის დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოკლული და დაჭრილია 200 000-მდე რუსი სამხედრო. სავარაუდოდ, ასეთივეა უკრაინის დანაკარგი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S