Der Spiegel: ჩინეთი რუსეთს "კამიკაძე" – დრონებს მიაწვდის
24/02/2023 15:51:45 მსოფლიო
ჩინეთი აპირებს, რუსეთის არმიას საკუთარი წარმოების კამიკაძე–დრონები მიაწოდოს,– ამის შესახებ Der Spiegel საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
Der Spiegel-ის ცნობით, აპრილის დასაწყისში რუსეთში ასამდე დრონი უნდა გაიგზავნოს.
საუბარია რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ჩინურ კომპანია Xi'an Bingo Intelligent Aviation Technology-ს შორის შეთანხმებაზე.
განსახილველი დრონები არის ZT-180 მოდელი, რომელსაც შეუძლია 35-დან 50 კილოგრამამდე წონის გადატანა. სამხედრო ექსპერტების აზრით, ეს მოდელი ირანული „შაჰედ-136“ კამიკაძე –დრონების კონსტრუქციის მსგავსია.
რუსეთი "შაჰედებს" უკრაინაში იყენებს, მათ შორის, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის. ნოემბერში ირანმა აღიარა რუსეთისთვის დრონების მიწოდება, თუმცა ამტკიცებს, რომ „მათი მცირე რაოდენობა უკრაინაში ომის დაწყებამდე გაიგზავნა“.
Der Spiegel აღნიშნავს, რომ რუსეთისთვის იარაღის მიწოდება ეწინააღმდეგება ჩინეთის მიერ წარმოდგენილ გეგმას უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე. 12-პუნქტიან გეგმაში ჩინეთი ომის მოლაპარაკებების გზით შეწყვეტის მოწოდებით გამოდის და მოუწოდებს მსოფლიოს ქვეყნებს, "მხარი დაუჭირონ რუსეთს და უკრაინას, იმუშაონ იმავე მიმართულებით და საბოლოოდ მიაღწიონ ცეცხლის სრულ შეწყვეტას".


