
ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
24/02/2023 09:57:17 მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა ომის წლისთავზე რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. გადაწყვეტილების თანახმად, ქვეყანა წყვეტს ყველაფრის ექსპორტს, რასაც კრემლი ომისთვის იყენებს.
სანქციების სიაში დაემატებიან ახალი სუბიექტები, მათ შორის "როსატომის" და ორი სხვა რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომპანიის ოფიციალური პირები.
საექსპორტო სანქციების მიზანია ბლოკირება "ყველაფრის, რაც, როგორც უკრაინამ დაადგინა, რუსეთმა გამოიყენა ბრძოლის ველზე“.
"ასობით პროდუქტის დასახელებას შორის არის თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილები, რადიო აღჭურვილობა, ელექტრონული კომპონენტები, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა, კერძოდ, თვითმფრინავების დასამზადებლად. დაზვერვა ვარაუდობს, რომ სანქციების შედეგად კომპონენტების დეფიციტი უკვე გავლენას ახდენს რუსეთის უნარზე, აწარმოოს იარაღი ექსპორტისთვის, კერძოდ, ჯავშანტექნიკა, თავდასხმის შვეულმფრენები და საჰაერო თავდაცვის სისტემები. სანქციები ასევე მიზნად ისახავს "როსატომის", თავდაცვის ინდუსტრიის ორი ძირითადი კომპანიის, ოთხ რუსულ ბანკსა და რუსული ელიტის მაღალჩინოსნებს" ,- აცხადებს ბრიტანეთი.
კერძოდ, საუბარია 34 ადამიანზე, რომლებიც დაკავშირებულია კორპორაცია Rostec-თან, ასევე Almaz-Antey-თან, რომელიც სპეციალიზირებულია საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და თვითმფრინავებზე გამოსაყენებელ იარაღის წარმოებაში, გარდა ამისა სამხედრო ტექნიკის შემკეთებელი 6 საწარმო.
ახალი პერსონალური სანქციები დაუწესდა მათიას ვარნიგს, Nord Stream 2-ის აღმასრულებელ დირექტორს, ყოფილი ტრანსნეფტისა და "როსნეფტის" საბჭოს წევრს, პუტინის ახლო მეგობარს. ასევე სანქციები შეეხო ალინა კაბაევას დედას, ლიუბოვ კაბაევას. სიაში მოხვდა - ალექსეი დიუმინი, პუტინის დაცვის ყოფილი უფროსი, ყირიმის ანექსიაში მისი როლისთვის და რუსული ძალებისთვის საჰაერო დაზვერვის წვრთნების ორგანიზებისთვის. ანდრეი კოზაკი, ყოფილი ვიცე პრემიერ-მინისტრის დიმიტრი კოზაკის შვილი.
სიაშია - "გაზპრომისა" და აეროფლოტის 20 ოფიციალური პირი, მათ შორის "გაზპრომის" აღმასრულებელი დირექტორი, ვიქტორ ზუბკოვი და ორი მოქმედი რუსი მინისტრი.
გარდა საქონლის ექსპორტის შეზღუდვისა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია იყენებს ომის საწარმოებლად, დიდი ბრიტანეთი ასევე კრძალავს მესამე ქვეყნებში გადამუშავებული 140 საქონლის, მათ შორის რკინისა და ფოლადის იმპორტს.
სანქციები ასევე მოიცავს 5 ირანელ ჩინოვნიკს Qods Aviation Industry-დან, იმ თვითმფრინავების მწარმოებლები, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია იყენებდა უკრაინაში.