Accentnews.ge
ზურაბიშვილი: "მთავრობამ თავი იზოლაციაში მოიქცია"

ზურაბიშვილი: "მთავრობამ თავი იზოლაციაში მოიქცია"

24/02/2023 08:37:20 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ისურვებდა, უკრაინაში რუსეთის ომის წლისთავთან დაკავშირებით დღეს კიევში ყოფილიყო და ამის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა უკრაინიდან მოწვევა ვერ მიიღო.

მან საქართველოს პარლამენტი გააკრიტიკა მიწვევაზე უარის თქმის გამო, ასევე გააკრიტიკა ხელისუფლება.

"საზოგადოების სახელით პირადად მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი ერთი წლის მანძილზე ყველა შესაძლო ადგილზე და ფორმატში გამოვხატე უკრაინის მიმართ საქართველოს უდრეკი მხარდაჭერა და ასეც გავაგრძელებ. მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა თუ არა, საქართველოს პრეზიდენტი უთუოდ უნდა ყოფილიყო დღეს კიევში და ამისთვის ჩემი მზადყოფნა დროულად გამოვხატე. სამწუხაროდ, მოწვევა ვერ მივიღე. სამაგიეროდ პარლამენტმა კი მოწვევის მიუხედავად არ მიიჩნია საჭიროდ ოფიციალური დელეგაციის გაგზავნა. ვწუხვარ, რომ ამის შედეგად მხოლოდ ოპოზიციის სახით ვართ კიევში წარმოდგენილნი, თუმცა მაინც მიხარია, რომ ისინი იქ იმყოფებიან. ყველასთვის გასაგებია, რომ საქართველოს არ გააჩნია დახმარების ისეთი საშუალებები, რომლებიც ევროპის უფრო ძლიერ ქვეყნებს, რომ ევროკავშირის საზღვრები და NATO-ს წევრობა უსაფრთხოების გარანტიებს ანიჭებს. თუ ჩვენი სოლიდარობა ძირითადად მორალურ დონეზე გამოიხატება, მით უფრო მტკიცედ უნდა ვიცავდეთ ჩვენს პრინციპებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავი:

"ამ მოცემულობაში, არ შეიძლება არ გამოვხატო მწუხარება იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი. გამოეყო დემოკრატიულ თანამეგობრობას და რაღაც მიზეზებით ცდილობს, გაამართლოს ყველასთვის გაუგებარი, ვითომც და ნეიტრალური თუ დაბალანსებული პოზიცია. გაუგებარია იმ ქვეყნისგან, რომელმაც გაიარა იგივე განსაცდელი, არა ერთხელ, რომელმაც კარგად იცის, რას ნიშნავს მტრის მიერ სუვერენობის შენახვა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აღმართული მახვილი, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის ოკუპაციის სიმწარე. საბედნიეროდ, საქართველოს საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გამოხატა პოზიცია, ყველა ფორმა და საშუალება გამოიყენა, რათა საუკუნოვანი მეგობრობის ქვეყნისთვის სრული სოლიდარობა დაემტკიცებინა. თბილისის ქუჩებმა არაერთხელ გვაჩვენეს, სად დგას ქართველი ხალხი. [დღეს] თბილისი, თავის მხრივ, მსოფლიოს გაახსენებს, რომ საქართველო დგას, სადაც საუკუნეების მანძილზე იდგა და საკუთარი ინტერესების ძახილმა არ დაგვავიწყებინა მთავარი, საკუთარი იდენტობა და საკუთარი ღირსება. ამ საზოგადოების სახელით პირადად მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ამ ერთი წლის მანძილზე ყველა შესაძლო ადგილზე და ფორმატში გამოვხატე უკრაინის მიმართ საქართველოს უდრეკი მხარდაჭერა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S