Accentnews.ge
ოლენა ზელენსკა: "დღეს ქვეყანა აღნიშნავს არა ომიდან ერთ წელს, არამედ – წინააღმდეგობის და უკრაინის წელიწადს"

ოლენა ზელენსკა: "დღეს ქვეყანა აღნიშნავს არა ომიდან ერთ წელს, არამედ – წინააღმდეგობის და უკრაინის წელიწადს"

24/02/2023 08:21:02 მსოფლიო

უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა აცხადებს, რომ დღეს ქვეყანა აღნიშნავს არა ომიდან ერთ წელს, არამედ წინააღმდეგობის და უკრაინის წელიწადს.

"ომის დღეც კი უკვე სასიკვდილოა. იმიტომ, რომ რუსეთის თავდასხმის პირველ დღეს ჩვენი ხალხი დაიღუპა. ომის ერთი კვირაც კი გამოუსწორებლად ბევრია. იმიტომ რომ უკვე პირველ კვირას დამპყრობლის რაკეტებმა და ტყვიებმა უკრაინელი ბავშვები იმსხვერპლეს. ომის ერთი თვე უკვე უსაზღვროდ მტკივნეულია, რადგან ამ ხნის განმავლობაში აგრესორმა აწამა ხალხი ბუჩასა და მარიუპოლში. ახლა კი ომის მთელი წელიწადი. წელი, რომელიც მოიპარეს ჩვენი ცხოვრებიდან და მრავალი მოპარული ცხოვრების წელი. ეს ნამდვილად არ არის თარიღი, რომელსაც ისურვებდით, რომ თქვენს კალენდარში ყოფილიყო. ასე რომ, ჩვენ დღეს რაღაც სხვას ვიხსენებთ.არა ომის წელი, არამედ წინააღმდეგობის წელი.გამძლეობის წელი.დაცვის, ხსნისა და ურთიერთდახმარების წელი.კაცობრიობის წელი.უკრაინის წელი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ისტორია და აგრძელებს მთელი მსოფლიოს შეცვლას.ჩვენი ურღვევობის წელიწადი", – აცხადებს ზელენსკა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ერთი წელი გავიდა. ომს უკვე ემსხვერპლა უკრაინის ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე. მილიონობით უკრაინელი იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინა.

გაეროს მონაცემებით, ომის შედეგად დაიღუპა 8 000 მეტი სამოქალაქო პირი. საკუთარი საცხოვრებელი იძულებით დატოვა დაახლოებით 14 000 000-მა ადამიანმა.

უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში განადგურებულია ათი ათასობით სახლი, ადმინისტრაციული შენობები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები და კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს თითქმის 5 000 სარაკეტო და დაახლოებით 3 500 საავიაციო დარტყმა. ასევე, 1 100-მდე დარტყმა უპილოტო საფრენი აპარატებით.

უკრაინა და რუსეთი არ ასახელებენ დაღუპული სამხედრო პირების რაოდენობას. დასავლეთის სახელმწიფოების, მათ შორის დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოკლული და დაჭრილია 200 000-მდე რუსი სამხედრო. სავარაუდოდ, ასეთივეა უკრაინის დანაკარგი.

რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.უკრაინას ძლიერ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს დასავლეთის სახელმწიფოთა მიერ შექმნილი კოალიცია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S