უკრაინის გენშტაბი: ბოლო 24 საათში მოგერიებულია რუსეთის 100-მდე შეტევა
24/02/2023 07:34:56 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 10 სარაკეტო და 31 საავიაციო დარტყმა და 40-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გარდა ამისა, რუსულმა ქვედანაყოფებმა ნაღმმტყორცნებითა და საარტილერიო დანადგარებით დაცხრილეს დონეცკის, ლუგანსკის, სუმის, ჩერნიგოვის, ხარკოვის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ათეულობით დასახლებული პუნქტი.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს შეტევებზე აღმოსავლეთში - ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და შახტარსკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 100-მდე შეტევა.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) მონაცემებით, 23 თებერვალს რუსეთის ჯარები განაგრძობდნენ სახმელეთო შეტევას ქალაქ დონეცკის დასავლეთ შემოგარენის გასწვრივ და წინ წაიწიეს სოფელ პობედასთან, რაც მიუთითებს, რომ სავარაუდოდ, წარმატება აქვთ ქალაქ მარიინკის სამხრეთით. ასევე, სახმელეთო შეტევას განაგრძობდნენ დონეცკიდან ჩრდილოეთით, ავდეევკის რაიონში და უმნიშვნელო წარმატებას მიაღწიეს სოფელ ნოვობახმუტოვკასთან.
უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში, თავდაცვის ძალების ავიაციამ 17 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე და 4 დარტყმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 3 რაიონი.


