უკრაინამ რუსეთთან ომში უკვე მიღწეული 10 ძირითადი გამარჯვება დაასახელა
23/02/2023 13:55:19 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავამდე ერთი დღით ადრე დაასახელა 10 ძირითადი გამარჯვება, რომელიც, მისი ცნობით, ქვეყანამ ამ ერთი წლის განმავლობაში მოიპოვა.
10 ძირითადი გამარჯვების ჩამონათვალი ასეთია:
- 2022 წლის თებერვალ-აპრილში კიევის, ჩერნიგოვის, სუმის და ხარკოვის წარმატებით დაცვა.
- რუსეთის მიერ დროებით დაპყრობილ ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის მიერ ოკუპანტებისთვის გაწეული მასობრივი წინააღმდეგობა.
- 2022 წლის მარტსა და აპრილში რუსეთის საოკუპაციო ძალების განდევნა კიევის, ჩერნიგოვის და სუმის ოლქებიდან.
- 2022 წლის აპრილში რუსეთის სარაკეტო კრეისერ „მოსკვა“-ს განადგურება
- 2022 წლის აპრილში კუნძულ ზმეინიდან რუსი ოკუპანტების განდევნა.
- 2022 წლის ივნისსა და აგვისტოში უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში რუსეთის საოკუპაციო ძალების ლოგისტიკის სისტემების განადგურება.
- 2022 წლის სექტემბერ-ოქტომბერში რუსი ოკუპანტების განდევნა ხარკოვის ოლქიდან.
- 2022 წლის სექტემბერ-ოქტომბერში რუსი ოკუპანტების განდევნა ხერსონის ოლქიდან.
- 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმატებული მოქმედებები.
- 2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით, უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის იერიშის შეკავება.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მტრის შეკავება გრძელდება და ქვეყანას ახსოვს დიდი ფასი, რომელსაც უკრაინელი ხალხი იხდის თავისუფლებისთვის. თავდაცვის სამინისტრო მადლობას უხდის უკრაინის ყველა დამცველს.


