
მოლდოვა უარყოფს რუსეთის განცხადებას, რომ უკრაინა დნესტრისპირეთზე თავდასხმას აპირებს
23/02/2023 08:24:28 მსოფლიო
მოლდოვის ხელისუფლებამ უარყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომლის თანახმად, "უახლოეს ხანში უკრაინა შეიარაღებულ პროვოკაციას გეგმავს მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის წინააღმდეგ".
მოლდოვის სამთავრობო ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ქვეყნის ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, სიმშვიდე შეინარჩუნონ და ინფორმაცია მიიღონ გადამოწმებული და ოფიციალური წყაროებით. ნათქვამია ისიც, რომ მოლდოვის სახელმწიფო უწყებები თანამშრომლობენ უცხოელ პარტნიორებთან და საფრთხის შემთხვევაში, საზოგადოება დაუყოვნებლივ იქნება ინფორმირებული.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს დილით გამოაცხადა, რომ „კიევის რეჟიმი დნესტრისპირეთის წინააღმდეგ ამზადებს შეიარაღებულ პროვოკაციას, რომელსაც განახორციელებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, მათ შორის ნაციონალისტური ფორმირება "აზოვი“. რუსეთის მტკიცებით, შეჭრის საბაბად გამოყენებული იქნება დნესტრისპირეთის ტერიტორიიდან უკრაინაში რუსი სამხედროების შეჭრის ინსცენირება, რაშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის არმიის სამხედროებად გადაცმული „უკრაინელი დივერსანტები“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან და მზად არიან „რეაგირებისთვის ვითარების ნებისმიერ ცვლილებაზე“. უკრაინულ მხარეს მოსკოვის ამ განცხადებაზე კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებია.