გაეროს გენერალური მდივანი: "რუსეთის უკრაინაში შეჭრა ჩვენი კოლექტიური სინდისის შეურაცხყოფაა"
23/02/2023 05:55:17 მსოფლიო
რუსეთის უკრაინაში შეჭრა ჩვენი კოლექტიური სინდისის შეურაცხყოფაა, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სპეციალური სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა არის გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის დარღვევა და გამოწვევა ფუძემდებლური პრინციპებისა და ფასეულობებისთვის. გაერო ცალსახად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", – განაცხადა გუტერეშმა.
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ კენჭი უნდა უყაროს რეზოლუციას, რომელიც ხაზს უსვამს „უკრაინაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის რაც შეიძლება მალე მიღწევის აუცილებლობას, გაერო-ს წესდების პრინციპების შესაბამისად". დოკუმენტი უკრაინამ და მისმა მოკავშირე სახელმწიფოებმა მოამზადეს. რუსული სააგენტო „ტასი“ წერს, რომ რეზოლუციაში შესწორებას ითხოვს ბელარუსი. კერძოდ, ტექსტიდან იმ ნაწილის ამოღებას, რომელიც ეხება ომის გამო რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას და ასევე, დამატებას, რომ მშვიდობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოლაპარაკებით და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტით.


