ანჯეი დუდა: "პოლონეთის „ლეოპარდ 2“-ის ტანკები უკრაინაში გასაგზავნად მზად არიან"
23/02/2023 05:51:14 მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას განცხადებით, მისმა ქვეყანამ დაპირებული „ლეოპარდ 2“ ტიპის ტანკები უკრაინაში გასაგზავნად უკვე მოამზადა.
"დღეს ჩვენი „ლეოპარდის“ ტანკები მზად არიან უკრაინისთვის. უკრაინული ტანკისტები „ლეოპარდის“ ტანკებზე წვრთნებს ჩვენს სასწავლო ცენტრში გადიან", - განაცხადა დუდამ CNN-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები, რომლებიც ამჟამად პოლონეთში წვრთნებს გადიან, ერთი თვის განმავლობაში მზად იქნებიან, უკრაინაში ტანკებთან ერთად დაბრუნდნენ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ პოლონეთს სერიოზული პრობლემები აქვს გერმანული ტანკებისთვის სათადარიგო ნაწილების მოპოვებასთან დაკავშირებით და ეს პრობლემა მხოლოდ მის ქვეყანაში არ არის:
"მხოლოდ აქ არ არის - ეს პრობლემები საკმაოდ ხშირია. „ლეოპარდთან“ დაკავშირებით სხვა ქვეყნებსაც აქვთ პრობლემები, რადგან გერმანელებს სერიოზული პრობლემები აქვთ სათადარიგო ნაწილების მიწოდებასთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვესმის ეს სიტუაცია, მაგრამ ასეა".


