ციმბირის კოლონიიდან გაუჩინარებული პატიმარი უკრაინაში მოკლეს
22/02/2023 20:45:11 მსოფლიო
2022 წლის ნოემბერში ნოვოსიბირსკის მე-8 კოლონიიდან გაუჩინარებული პატიმარი გენადი გერბოლდი ორ თვეში მოკლეს უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან. მისი ცხედარი ერთ-ერთ სასახლეში აღმოჩნდა, რომლებიც ნოვოსიბირსკის აეროპორტში ჩაიტანეს.
39 წლის გერბოლდი სასჯელს იხდიდა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით, რამაც დაზარალებულის სიკვდილი გამოიწვია. მანამდე იგი ნასამართლევი იყო ტყის უკანონო ჭრის მუხლით. გასულ წელს ის „ვაგნერის“ შემადგენლობაში აღმოჩნდა.
გარდაცვლილის დის თქმით, ამის შესახებ ახლობლებმა მხოლოდ დეკემბერში შეიტყვეს:
„27 ნოემბერს ვესაუბრეთ. დაგვარწმუნა, რომ უკრაინაში არავითარ შემთხვევაში არ წავიდოდა. უკვე 28-ში გაქრა და შემდეგ გავიგე „მისი წასვლის შესახებ“. რა თქმა უნდა, ეჭვი მაქვს, რომ ომში ძალით წაიყვანეს“.
ცხედარი ნოვოსიბირსკის აეროპორტში ორი კვირის წინ ჩაასვენეს, მაგრამ ბურიატიაში ჯერ არ გაუგზავნიათ.
მანამდე მედია წერდა, რომ ნოვოსიბირსკის აეროპორტში რამდენიმე ათეული ხის სასახლე ჩაიტანეს რუსი სამხედროების ცხედრებით. ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდათ თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეო, რომელზეც ჩანს ასზე მეტი ხის ყუთი. აბსოლუტურ უმრავლესობას დართული აქვს გარდაცვალების მოწმობა. მოხერხდა რამდენიმე სამხედროს იდენტიფიცირება. ყველა მათგანი „ვაგნერის“ მებრძოლი იყო, რომელმაც დასავლური დაზვერვის ცნობით, 9 000–მდე დაქირავებული დაკარგა უკრაინაში. მიუხედავად მტკიცებულებისა, ტოლმაჩევოს ადმინისტრაცია უარყოფს, რომ კადრებზე აეროპორტის ერთ-ერთი შენობაა ასახული.
22 თებერვალს პროკრემლისტმა სამხედრო ბლოგერმა ვლადლენ თათარსკიმ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ათობით ცხედარია აღბეჭდილი და თან დაურთო „ვაგნერის“ დამფუძნებლის“ ევგენი პრიგოჟინის კომენტარი: „ეს არის მიცვალებულთა ერთ-ერთი თავშეყრის ადგილი. ეს ის ბიჭები არიან, რომლებიც გუშინ დაიღუპნენ ე.წ. საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო. ხუთჯერ ნაკლები უნდა ყოფილიყო“.
გამოცემა „მედიაზონა“ ვარაუდობს, რომ სურათი გადაღებულია ბახმუტის მიდამოებში, რომლის აღებასაც „ვაგნერის“ მებრძოლები რამდენიმე თვეა, ცდილობენ.
„ვაგნერი“ რუსული არაოფიციალური სამხედრო დაჯგუფებაა, რომელსაც რუსეთი იყენებს სახმელეთო ოპერაციებში სირიაში, აფრიკაში და უკრაინასთან ომში. დაქირავებულები ეჭვმიტანილი მრავალი სამხედრო დანაშაულის ჩადენაში.


