ერდოღანი მიწისძვრების შემდეგ არჩევნების ივნისში ჩატარებისკენ იხრება - მედია
22/02/2023 19:40:50 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის მთავრობა ემხრობა, თურქეთში ივნისში ჩატარდეს აჩევნები,– წერს Reuters-ს სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.
გასულ თვეში, ერდოღანმა, რომელიც ცდილობს თავისი მმართველობის გახანგრძლივებას, თქვა, რომ გადადო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მაისისთვის, რათა თავიდან აიცილოს ივნისის შაბათ-კვირის კენჭისყრა. თუმცა, 6 თებერვლის მიწისძვრიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რომელმაც თურქეთში 42 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა რომ ამან "სერიოზული სირთულეები" შექმნა მაისის არჩევნებისთვის.
„ძალიან სავარაუდოა, რომ შეთანხმება მიღწეული იქნება არჩევნების 18 ივნისს ჩატარების შესახებ“, - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა და დასძინა, რომ ერდოღანი და მისი ნაციონალისტი მოკავშირე დევლეტ ბაჰჩელი შეხვდებიან საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, კატასტროფამდე ერდოღანის პოპულარობას ძირს უთხრიდა ცხოვრების მზარდი ხარჯები და ლირის გაუფასურება. მას შემდეგ ის კრიტიკის ტალღას აწყდება ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელ მიწისძვრაზე მისი მთავრობის რეაგირების გამო.
მთავრობის წარმომადგენელმა თქვა, რომ მაისის არჩევნები, როგორც ერდოღანმა ადრე დაგეგმა, მცირე დროს ტოვებს მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ზონებში ლოჯისტიკის მოსამზადებლად, სადაც დაახლოებით 13 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
ერდოღანის პარტიის მაღალჩინოსანმა ასევე განაცხადა, რომ 18 ივნისს არჩევნების ჩატარების იდეამ წონა შეიძინა.


