მოსკოვში, "ლუჟნიკის" სტადიონის წინ, სადაც პუტინი გამოვიდა, საზენიტო–სარაკეტო სისტემა დაამონტაჟეს
22/02/2023 17:04:05 მსოფლიო
მოსკოვში, „ლუჟნიკის“ სტადიონის მოპირდაპირე მხარეს, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 22 თებერვალს სიტყვით გამოდიოდა, შენიშნეს Pantsir-S1 საზენიტო–სარაკეტო სისტემა,– იუწყება ტელეარხი "Дождь".
ტელეარხმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობასთან დამონტაჟებული საჰაერო თავდაცვის სისტემით ვიდეოც გამოაქვეყნა. Conflict Intelligence Team–ის დამფუძნებელმა რუსლან ლევიევმა დაადასტურა, რომ ეს ნამდვილად არის Pantsir-S1.
მისი თქმით, ეს, ალბათ, ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა. ცნობილია, რომ მსგავსი სისტემები დამონტაჟებულია ნოვო-ოგარიოვოში, პუტინის რეზიდენციის მახლობლად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობის სახურავზე და კრემლის მახლობლად, საოფისე ცენტრის სახურავზე.
პუტინი სიტყვით წარსდგა „ლუჟნიკის“ სტადიონზე, სადაც „სამშობლოს დამცველის“ დღისადმი მიძღვნილი აქცია-კონცერტი მიმდინარეობს. „მედუზა“ წერს, რომ პუტინმა აუდიტორიას მოკლედ მიულოცა, ჰიმნი მოისმინა და წავიდა.
როგორც მანამდე ტელეგრამ–არხი "Можем объяснить" წერდა, თითქმის ყველა გამოკითხული მიუთითებდა, რომ აიძულებდნენ, მისულიყო ღონისძიებაზე. ძირითადად, ესენი არიან საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომლები. გამოცემის კორესპონდენტმა გადმოსცა, რომ თავად სტადიონი არ თბება და რომ იქ ძალიან ცივა. ღონისძიების ორგანიზატორებმა ხალხი გააფრთხილეს, რომ მისი დაწყების შემდეგ სტადიონის კარები დაიკეტებოდა და „ლუჟნიკის“ დატოვება შეუძლებელი გახდებოდა. "Можем объяснить" ამ გადაწყვეტილებას უკავშირებს ყირიმის ანექსიის წლისთავისადმი მიძღვნილ შარშანდელ კონცერტს, როდესაც ხალხმა პუტინის გამოსვლამდე დაიწყო ტერიტორიის დატოვება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და პუტინის რეზიდენციებთან Pantsir-S1 კომპლექსების მონტაჟი მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. მანამდე, დეკემბერში, რუსეთის რიაზანისა და სარატოვის ოლქის სამხედრო აეროდრომებზე დრონებით განხორციელდა თავდასხმები. შედეგად რამდენიმე რუსი სამხედრო დაიღუპა. აეროდრომებზე თავდასხმებს, საიდანაც რუსული სამხედრო თვითმფრინავები ფრინდებიან უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დასაბომბად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ტერორისტული უწოდა.
უკრაინის ხელისუფლებამ ინციდენტში მონაწილეობა ოფიციალურად არ დაადასტურა.


